-
2015-02-22 19:34
ხარკოვში, სპორტის სასახლესთან მომხდარი ტერაქტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ათამდე კი დაიჭრა. აფეთქება ჟუკოვის რაიონში, ღირსების მარშის დროს მოხდა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა ოთხი ეჭვმიტანილი უკვე დააკავა და იარაღი ამოიღო.
დაღუპულთა და დაშავებულთა შორის პოლიციელებიც არიან. ორი ადამიანი აფეთქების დროს, ადგილზევე დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა. "ფეისბუქზე" მან დაწერა, რომ მიტევებისა და შენდობის დღეს, არაადამიანებმა ტერაქტი მოაწყვეს მსვლელობის დროს, რაც ტერორიზმის არეალის გაფართოების მცდელობაა. მისი თქმით, ამ ტერაქტში გარეულები უმკაცრეს პასუხს მიიღებენ და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან.
როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ხარკოვში დაიწყო ანტიტერორისტული სპეცოპერაცია. უკრაინის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტურჩინოვი წერს, რომ ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილები, რომელტაგან ოთხი უკვე დაკავებულია, სწავლებებს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ბელგოროდში გადიოდნენ. ტურჩინოვი წერს, რომ დაკავებულთაგან ამოღებულია იარაღი, მათ შორის, ყუმბარმტყორცნიც.
შეგახსენებთ, თვითმხილველთა ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მასაში გამვლელი ავტომანქანიდან გადააგდეს, თუმცა, უშიშროების მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თოვლის ნამქერში იყო ჩამალული და მაშინ აამუშავეს, როცა გამვლელი ხალხის მასა მას მიუახლოვდა.