-
2015-02-18 15:54
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "თბილისის ნატოში შეთრევის მცდელობა გრძელდება" და რომ ეს ხელს არ უწყობს სტაბილურობას ამიერკავკასიაში. ლავროვმა დაიქადნა, რომ რუსეთი აუცილებლად მიიღებს ზომებს.
„ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ შეუწყობს ხელს ამიერკავკასიაში სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევას და თუ ეს ნაბიჯები უკვე პრაქტიკულ ფორმებს შეიძენს (და ყველაფრით თუ ვიმსჯელებთ, ეს უკვე იწყება), ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ ზომებს, რათა არ დავუშვათ სიტუაციაზე ამ პროცესების უარყოფითი ზეგავლენა“, -აღნიშნა ლავროვმა ცხინვალში, დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დროს.
შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ ნატოში რუსეთის წარმომადგენელმაც გაილაშქრა:
ალექსანდრე გრუშკომ თებერვალში განაცხადა , რომ ნატოს განზრახვა, საქართველოში საწვრთნელი ცენტრი გახსნას, „პროვოკაციული“ ნაბიჯია. „ნატოს სამხედრო ობიექტების გამოჩენა საქართველოში არის დაძაბულობის ესკალაციისა და რეგიონალური უსაფრთხოების გაუარესებისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა მან.
civil.ge-ს მიხედვით