მინსკში ამ დრომდე (05:00, თბილისის დრო) გრძელდება მოლაპარაკება უკრაინისა და რუსეთის პირველ პირებს შორის ე.წ. 'ნორმანდიული შეხვედრის" ფორმატში. "ტელეგრაფმა" გამოაქვეყნა ის პუნქტები, რაზეც აგერ უკვე 5 საათზე მეტია, დაობენ და ვერ თანხმდებიან მხარეები.
1) გამყოფი ხაზი: უკრაინა ითხოვს, რომ ხაზი გაივლოს იმ ტერიტორიაზე, რომელიც სექტემბრის შეთანხმებითაა განსაზღვრული, რუსეთი კი ითხოვს ახალი გამყოფი ხაზის გავლებას, სადაც უნდა შევიდეს ტერორისტების მიერ მიტაცებული ტერიტორიაც.
2) უკრაინის ტერიტორიიდან რუსი სამხედროების გაყვანა და საბრძოლო ტექნიკის გატანა. რუსეთი ისევ ძველებურად ამტკიცებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არაა რუსული სამხედრო ტექნიკა და არ არიან რუსი ჯარისკაცები.
3) კონტროლი საზღვრებთან: უკრაინა მოითხოვს, მიეცეს საშუალება, თავად განახორციელოს სახელმწიფო საზღვრის მთლიანი პერიმეტრის კონტროლი, რუსეთი კი მიიჩნევს, რომ ამ კონტროლში, თუნდაც მინიმალური ჩართულობით, ტერორისტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა.
4) ტერორისტების კონტროლირებადი რეგიონების ფართო ავტონომია: უკრაინა ირწმუნება, რომ შეუძლია ამ რეგიონებისთვის ფართო ავტონომიის მინიჭება, თუმცა, რუსეთი გარანტიებსა და ფინანსური ბლოკადის მოხსნას ითხოვს.
შეგახსენებთ, მოლაპარაკების გაგრძელების გამო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადადო ბრაზილიაში გაფრენა, სადაც მას სამიტის მსვლელობაში უნდა მიეღო მონაწილეობა.