ISIS-მა ახალი ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩაწერილია ორი დატყვევებული მამაკაცის დაკითხვა. მათი სიტყვებიდან ირკვევა, რომ ორივენი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დავალებით მოქმედებდნენ.
დაკავებული და გამოვლენილი აგენტები ჰყვებიან, რა მიზნით შეაგზავნა ისინი ФСБ-მ. მათი თქმით, ყოველი ახალი ინფორმაციის გადაცემისას პლასტიკურ ბარათზე გარკვეული რაოდენობის თანხა ერიცხებოდათ.
ვიდეოს ბოლოს კადრში ორი დაჩოქილი აგენტი, ISIS-ის ბოევიკი და მცირეწლოვანი ბიჭი ჩანს, რომელსაც ხელში პისტოლეტი უჭირავს. სპეცეფექტებით გადაღებულ ვიდეოში სწორედ ეს ბიჭუნა აღასრულებს აგენტებისთვის გამოტანილ განაჩენს და მათ თავში ესვრის, შემდეგ კი საკონტროლო გასროლებსაც იყენებს.
სწორედ ამ ნახევრადმხატვრული გადაღების გამო გავრცელდა მოსაზრებაც, რომ სინამდვილეში არანაირი რუსეთის აგენტები ბოევიკებს არ აუყვანიათ და შესაბამისად, არც დაუხვრეტიათ, ხოლო ეს კადრები თავად რუსული სპეცსამსახურების მიერაა გავრცელებული. თუმცა, არ არსებობს ოფიციალური უარყოფა ISIS-ის განცხადების სახით, რომ ვიდეო მათი ნახელავი არ არის.
რედაქციის გაფრთხილება: ვიდეოს ნახვა არ არის მიზანშეწონილი არასრულწლოვანებისა და არამდგრადი ცნს-ს მქონე პირებისთვის; ვიდეო მიზნად არ ისახავს ISIS-ის რეკლამირებას და რედაქცია გმობს ძალადობის იმ ფორმებს, რაც მასალაშია ასახული.