-
2014-12-15 10:06
სავარაუდოდ, ISIS-ის წარმომადგენელმა აიყვანა ათეულობით მძევალი სიდნეის ცენტრში მდებარე კაფეში. ამ დროისთვის სამმა მძევალმა შენობა დატოვა: კაფიდან სირბილით გამოსული მძევლები პოლიციამ გაატარა და შენობის თვალთვალი და ალყა გააგრძელა.
20:25 - დრამა სიდნეიში ტრაგიკული ფინალით დასრულდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორისაა ბოევიკიც. ის აარონ მონისი აღმოჩნდა, რომელიც 2013 წელს იყო გასამართლებული. პოლიციამ კაფე შტურმით აიღო მას შემდეგ, რაც იქედან კიდევ რამდენიმე მძევალი გამოიქცა. ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ მასალის ბოლოს, ფანჯარაში. ტერორისტი კაფეში მძევლებთან ერთად 16 საათის განმავლობაში იყო გამაგრებული.
20:20 - კაფიდან საკაცით გამოიყვანეს ქალი, რომელიც, სავარაუდოდ, ფეხშია დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით, ბოევიკი ლიკვიდირებულია, ხოლო მძევლებიდან, წინასწარი ინფორამაციით, ერთი პირი დაიღუპა. პოლიციას ჯერჯერობით ეს ფაქტი არ დაუდასტურებია.
19:20 - იუწყებიან, რომ კაფეში აფეთქების ხმა გაისმა, შემდეგ კი იქედან მოქალაქეები გამოიქცნენ. პოლიცია მოუმზადებელი აღმოჩნდა მათი გამოსვლისთვის. ისმოდა სროლისა და ყვირილის ხმები. ამ დროისთვის კაფეში არაუმეტეს ხუთი მძევალია დარჩენილი.
12:04 - კაფიდან გამოღწეული პირების ინფორმაციით, როგორც კაფეში შიგნით, ასევე გარე პერიმეტრზე ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული, პულტი კი თავდამსხმელს აქვს.
10:18 - ავსტრალიის მედიის ცნობით, კიდევ ორმა მძევალმა მოახერხა კაფიდან გამოსვლა. ორივე ქალია. შეირაღებულმა პირმა მძევლებს მობილური ტელეფონებით სარგებლობის უფლება მისცა. მძევლებმა უკვე დაუგზავნეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები ახლობლებს. მათ ჟურნალისტებიც დაუკავშირდნენ. მძევლები იტყობინებიან, რომ "მამაკაცი უჩვეულოდ მშვიდია და ინსტრუქციებს ღებულობს". სრულიად ავსტრალიის მუსულმანთა მფტმა დაგმო მომხდარი ფაქტი და განაცხადა, რომ ავსტრალიაში მცხოვრები მუსულმანები შეძრულნი არიან თანამემამულეების მძევლებად აყვანის გამო. მისი განცხადებით, ასეთ ქმედებები შეუთავსებელია ისლამის რწმენასთან. მედიაში შეიარაღებული მამაკაცის სავარაუდო ფოტოც გამოჩნდა, რაც ვიტრინიდან დაფიქსირდა.
ჯერ არაა დაზუსტებული, მძევლებმა გამოქცევა მოახერხეს, თუ ისინი ისლამისტმა შეიარაღებულმა გამოუშვა. სავარაუდოდ, კაფეში მძევლების ამყვანი პირი მარტო მოქმედებს. მან მძევლები ადგილობრივი დროით 09:45 საათზე აიყვანა, რაც თბილისის დროით 01:45 საათია.
კაფის ვიტრინებთან მძევლები დგანან, ასევე, ვიტრინებთან გამოჩნდა შავი დროშა, რომელსაც ISIS იყენებს. ასეთივე დროშა აქვთ სირიაში ალ-ქაედას მხარეს მებრძოლ ბოევიკებსაც. მასზე ჩანს ტრადიციული წარწერა: „არ არსებობს ღმერთი, თვინიერ ალაჰისა და მუჰამედია მოციქული მისი“.
კაფე ამ დრომდე ალყაშემორტყმულია. პოლიციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია, ვინაა მამაკაცი, რომელმაც მძევლები აიყვანა და რა არის მისი მოტივაცია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაფეში შეჭრილი პირი ავსტრალიის პრემიერმინისტრთან მოლაპარაკებას ითხოვს, თუმცა, ეს ფაქტი არ დასტურდება.
„ჩვენ ვეცდებით, ეს პრობლემა მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ, თუმცა, მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - განაცხადა პოლიციის კომისარმა.