
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრი“ 11 დეკემბერს ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის გაპროტესტებას ადგილზე გეგმავს. ამის შესახებ ორგანიზაციის ლიდერი მუხრან ბურჭულაძე წერს.
მუხრან ბურჭულაძე ჟურნალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მიიღონ მონაწილეობა აქციაში.
"არავის გავაბედინოთ რუსული ტანკების შემოსაჯლიგინებელი ტრასის დაგება!!! ერთად გავაპროტესტოთ ავარო-კახეთის გზატკეცილის მშენებლობა!
მეგობრებო! ნოემბრში იმედის ეთერში გავიდა გადაცემა, სადაც სტუდიაში მსხდომ ადამიანებს და ტელემაყურებელს ვთხოვე, რომ გადაგვედო გვერდზე ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები, ამბიციები, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიას ვეკუთვნით და ერთად დავმდგარიყავით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ერთიანობის სადარაჯოზე.
თქვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს ზურგს უკან მთავრობა რუსეთთან მართავს მოლაპარაკებებს და ჩვენს გარეშე წყვეტს მნიშვნელოვან და ქვეყნისთვის მეტად საშიშ საკითხებს. მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთი ჩვენს მთავრობასთან ერთად გეგმავს ავარო-კახეთის გზატკეცილის მშენებლობას, რაც პირდაპირ გამოიწვევს საქართველოს გულის - კახეთის “ცხინვალიზაციას”.
ეს, შესაძლოა, გახდეს გზა, რომელიც მიგვიყვანს იქ საიდანაც უკან ვეღარ დავბრუნდებით - ესაა ქართული სახელმწიფოს დასამარების გზა.
მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აწუხებს ქვეყნის ბედი - დავდგეთ ერთად და არავის გავაბედინოთ რუსული ტანკების შემოსაჯლიგინებელი ტრასის დაგება.
ოჯახთან, მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და პატრიოტ მამულიშვილებთან ერთად წავალთ და გავაპროტესტებთ ჩვენი ქვეყნის მტრების ბოროტ გეგმებს, გავაგებინებთ გარე მტერსაც და შინაურსაც, რომ ამ ჩანაფიქრს მომავალი არ აქვს!
მინდა მივმართო სწორედ იმედის ეთერში გასულ გადაცამაში მონაწილე ადამიანებს, რომ მე ჩემს სიტყვებზე ვაგებ პასუხს - ვაქცევ საქმედ, მივდივარ ჩემს შვილებთან და მამასთან ერთად და კვლავ ვუწვდი მათ ხელს - მოდით და ერთად დავდგეთ ჩვენი მამულის საზღვარზე, ერთად დავიცვათ ჩვენი სამშობლოს მომავალი.
ხუთშაბათს, 11 დეკემბერს, ვარდების მოედანზე 08:30 საათზე ვიკრიბებით, კახეთში - დაღესტნის საზღვართან გასამგზავრებლად. სადაც ერთად გავაპროტესტებთ ავადსახსენებელ რუსულ პროექტს, რომელსაც საქართველოს დასამარება ჰქვია!“, - წერს მუხრან ბურჭულაძე.
მის მიერ ამ სტატუსის გამოქვეყნებას გამაფრთხილებელი კომენტარებიც მოჰყვა. კახეთში მცხოვრები იუზერები წერენ, რომ კარგი იქნება, თუ მედია გააშუქებს ამ აქციას, რადგან ადგილზე დიდია პროვოკაციის საფრთხე.
„აფხაზეთის ხმა“ უერთდება აქციას და მონაწილეობას მიიღებს როგორც მის მიმდინარეობაში, ასევე გაშუქებაში.