
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრო ბარნოვმა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში სასწავლო დაწესებულების გადატანასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისთვის მსგავსი ქმედება ხელისუფლების მხრიდან მიუღებელია. ბარნოვი თვლის, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშილის დანატოვარისგან მაქსიმალური დისტანცირებისთვის მიიღო:
"მნიშვენლობა არ აქვს, ეს იქნება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საკითხი, თუ ბევრი სხვა, რაზეც წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გააკეთონ. მარტო იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაიობის" და მიხეილ სააკაშვილის დანატოვარისგან მაქსიმალური დისტანცირება გააკეთონ, ათასგვარ აბსურდს იგონებენ. მაინც რით არ მოსწონს ახლად არჩეულ პრეზიდენტს ეს სასახლე, რომელზეც საკუთრების პრეტენზიის გამოცხადების უფლება არავის აქვს. ეს სიმბოლო ეკუთვნის სახელმწიფოს, ის მიხეილ სააკაშვილს სახლში არ წაუღია.
ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ბოგანოს ფილოსოფიაზე - ფული არ უნდა დავხარჯოთ, არაფერი უნდა გავაკეთოთ. სახელმწიფომ ააშენა გზები, მოუარა ენერგეტიკას, ააშენა სკოლები, საავადმყოფოები. რასაც ესენი აკეთებენ, სასაცილოა და თან - სატირალი. რა უნდა ვუპასუხო ამ სისულელეს. ეს შენობა აშენდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის და ასევე უნდა ფუნქციონირებდეს. მისი მდებარეობა, არქიტექტურა, შიდა მოწყობა, მთლიანად დაგეგმილი და გაკეთებულია ისე, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაუბრკოლებლად იმუშაოს. ეს არის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი დამოკიდებულება, რომელსაც ახალი მთავრობა ამჟღავნებს ყველა იმ კარგი საქმის მიმართ, რაც წინა მთავრობას გაუკეთებია“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.