
სააგენტო „Reuters” საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს სტატიას სათაურით, „საქართველოს მილიარდერმა პრემიერმა მის შემცვლელად ღარიბაშვილი დაასახელა“ აქვეყნებს.
სტატიის ავტორი, ელენ ბედველი ირაკლი ღარიბაშვილის ფუნქციებსა და მოვალეობებზე საუბრობს:
„საქართველოს მილიარდერმა პრემიერ-მინისტრმა თავის შემცვლელად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მიმდინარე კვირის შაბათს დაასახელა და მის თანაგუნდელებს მოუწოდა, განაგრძონ მის მიერ არჩეული გზა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობასთან დაკავშირებით.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც ქვეყნის ახლადარჩეული პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია შედგება.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გასულ კვირას გაიმარჯვა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც ქვეყანას უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მართავდა. სააკაშვილი დასავლეთთან მეგობრობით გამოირჩეოდა, ანალოგიურის თქმა რუსეთთან ურთიერთობაზე კი შეუძლებელია.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ქვეყნის სათავეში ორი წლის წინ მოვიდა და რომელიც ბიზნესმენი გახლავთ, მისი ქონება 5 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ქვეყანას როგორც ევროპასთან, ასევე რუსეთთან ურთიერთობის განმტკიცებას სთავაზობს.
ივანიშვილმა მისი შემცვლელი კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დაასახელა.
კონსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე, რომელიც რამდენიმე დღეში შევა ძალაში, პრეზიდენტის უფლებამოსილების დიდი ნაწილი პრემიერ-მინისტრის ხელში გადავა. შედეგად, 31 წლის ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყნის ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე პირი იქნება.
ღარიბაშვილმა შაბათს აღნიშნა, რომ იგი განაგრძობს მისი წინამორბედი პრემიერის არჩეულ გზასა და პოლიტიკას.
„მე ვპირდები ჩემს ქვეყანასა და ხალხს, რომ მე გნვაგრძობ ბიძინა ივანიშვილის არჩეულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გზას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
კულისებს მიღმა:
ღარიბაშვილის მოვალეობები გართულდება, მონახოს საერთო ენა ევროპასა და რუსეთს შორის. იმ ფონზე, როცა რუსეთის ფედერაციამ ამერიკელ აგენტს, ედვარდ სნოუდენს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.
ივანიშვილმა, რომლის კოალიციაც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობას წარმოადგენს, შეძლო მიხეილ სააკაშვილის დამარცხება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. მილიარდერმა პრემიერ-მინისტრმა შეძლო რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული ღვინისთვის, მინერალური წყლებისთვის და ხილისთვის. ემბარგო ქართულ პროდუქციაზე 2006 წელს დაწესდა. რუსეთ-საქართველოს ომამდე ორი წლით ადრე.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და ბრძანებას გიორგი მარგველაშვილმა უნდა მოაწეროს ხელი.
გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებამ არჩევნებში, კოალიცია „ქართული ოცნების“ ძალაუფლება განამტკიცა. „ქართული ოცნება“ პასუხისლგებელია პრეზიდენტის, პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის მუშაობაზე. პირველი გამარჯვება კი კოალიციამ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვა.
ივანიშვილი აღნიშნავას, რომ მისი დაუძინებელი მტრის, მიხეილ სააკაშვილის წასვლით, მისი სამუშაო ამოწურულია.
მაგრამ, როგორც მოსალოდნელია, ივანიშვილი საკუთარ საქმიანობას კულისებს მიღმა განაგრძობს. იგი განაგრძობს კავკასიის 4,5 მილიონიანი ქვეყნის მართვას. საქართველოზე გადის მილსადენები, რომლითაც ევროპა გაზსა და ნავთობს იღებს.
ახალი მთავრობა საქართველოში პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ უნდა დამტკიცდეს. პარლამენტს ერთი კვირა აქვს, რათა ახალი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა დაამტკიცოს.
მარგველაშვილს მაგისტრის ხარისხი აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში. მან განათლება თბილისის სახელმწიფო და სორბონის უნივერსიტეტებში მიიღო.
იგი თავისუფლად ფლობს რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. მას ერთ-ერთი ძირითადი თანამდებობა ეკავა ივანიშვილის „ქართუ ბანკში“.
ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა შეძლოს საქართველოს ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოგვარება“, - ნათქვამია სტატიაში.