სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე დღეს სვეტიცხოველში უფლისწული გიორგი დავითისა და ანას ძე ბაგრატიონს მონათლავს, მანამდე კი მღვდელმთავრებთან ერთად საღმრთო ლიტურგიას აღასრულებს.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ არიან უფლისწულის ნათლიები, ასევე ის, თუ ვინ მიიწვია ნათლობაზე სამეფო ოჯახმა სტუმრების სახით. ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილი - გიორგი 2011 წლის 27 სექტემბერს მადრიდში დაიბადა, ხოლო თავად ანამ და დავითმა 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი.