
აჭარა ზაფხულს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და სიახლეებით ხვდება.
რეგიონში ზღვაზე დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს მთიანი აჭარის საინტერესო ტურისტული მარშრუტები, ახალი განთავსების ადგილები, ტურისტული სერვისები, საერთაშორისო ფესტივალები და კონცერტები ელოდებათ. თუმცა მთავარი სიახლე წელს ბათუმის ტურიზმის ოსკარია, რომელიც ქალაქმა, როგორც ევროპის სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ World Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე მიიღო.
ფესტივალები და ზოგადად, ზაფხულის ტურისტულის სეზონი აჭარაში ოფიციალურად 15 ივნისს „ზაფხულის ფესტივალით“ გაიხსნება. სეზონის განმავლობაში კი რეგიონის სტუმრები განებივრებულები იქნებიან ისეთი საერთაშორისო ფესტივალებითა და კონცერტებით, როგორებიცაა ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, შავი ზღვის ჯაზფესტივალი, მეგა ვარსკვლავების კონცერტებით ბლექსი არენაზე და ტრადიციული კულტურულ-გასართობი ღონისძიებებით.
განახლებული ინფრასტრუქტურითა და ტურისტული სერვისებით შეხვდება სეზონს რეგიონის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ბათუმის დელფინარიუმი და მტირალას ეროვნული პარკი.
რა სიახლეებია დაგეგმილი ტურისტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით და რა ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილება იგეგმება აჭარაში?
აჭარაში ტურისტული ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება. რეგიონს ყოველწლიურად ემატება ახალი ტურისტული ობიექტები, მთიან აჭარაში კი ახალი ტურისტული მარშრუტები. განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება ტურისტულ სეზონს ბათუმის ბულვარი, ბოტანიკური ბაღი და მტირალას ეროვნული პარკი, სადაც ტურისტებისთვის ახალი ტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ ამოქმედდა, ეროვნულ პარკამდე მისასვლელ გზას კი სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რაც შეეხება ბათუმის ბულვარს მიმდინარეობს საპლაჟო ინფრასტრუქტურის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ეს ითვალისწინებს პლაჟზე გადასასვლელი ხის ბილიკების, საშხაპეებისა და გამოსაცვლელის, ადაპტირებული საპირფარეშოების მოწყობას, ასევე სანაპირო ზოლის აღჭურვას ტივტივა ეტლებით, რომელთა სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს. ბოტანიკურ ბაღს კი წელს ნეკერჩხლების პარტერი და საგანმანათლებლო სკვერი შეემატება.
ტურისტული მარშრუტებისა და პროდუქტების განვითარება მიმდინარეობს მთიან აჭარაშიც, სადაც ტურისტებს ყოველწლიურად ახალ ტურისტულ მიმართულებებს ვთავაზობთ. ჯამში, მთიანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში 15-მდე ტურისტული მარშრუტია მარკირებული, რომლებზეც ტურისტების რაოდენობა გასულ წელს 124%-ით იყო გაზრდილი.
ტურისტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითადება სამთო-სათხილამურო კურორტზე „გოდერძი“, სადაც 150 მილიონი ლარის 19 საინვესტივიო პროექტი მიმდინარეობს. კურორტს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს განვითარდეს და წლის ნებისმიერ დროს უმაპისპინძლოს ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
წელს, სიახლე გვაქვს ფრინველებზე დაკვირვების ტურისტული ინფრასტრუქტურის კუთხითაც. სოფელ სახალვაშოში, რომელიც აგვისტო-ოქტომბერში ეკოტურისტებსა და ფრინველებზე დამკვირვებლებს მსოფლიოს 25 ქვეყნიდან მასპინძლობს მოეწყო სადამკვირვებლო პლატფორმა თავისი მოსასვენებლებითა და გადასახედით. ტურისტული ინფრასტრუქტურის მომზადება ასევე, იგეგმება ჭვანას ხეობასა და ჩირუხი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტზე, სადაც ამჟამად ტურისტული განვითარების კონცეფციის მომზადება მიმდინარეობს.
ყველაზე დიდი, ნახევარი მილიარდის ინვესტიცია ჩვენ ქობულეთში გვაქვს, სადაც 180 ჰექტარზე მწვანე ქალაქის გაშენება იგეგმება. პროექტით გათვალისწინებულია გოლფის მოედნის, საფეხბურთო მოედნების, საჩოგბურთო კორტების, სხვადასხვა ზომის საცურაო აუზის, რეკრეაციული ზონების, ველობილიკის, სარბენი ბილიკის, დასასვენებელი ზონებისა და სათამაშო მოედნების მოწყობა. ასევე, აშენდება 250-ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში, სხვადასხვა ტიპის კვების ობიექტი, საკონფერენციო დარბაზი, აპარტამენტები, ვილები. პროექტი ითვალისწინებს სავაჭრო ცენტრის, 500 ავტომობილისთვის საპარკინგე ადგილისა და ვერტმფრენის დასაფრენის მოწყობას.
დასრულების ფაზაშია ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაც, რაც რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.
ბულვარი
ახალ ბულვარში არსებულ საბავშვო კუთხეში პლასტმასის ატრაქციონებს, ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისაგან დამზადებული ახალი საბავშვო ატრაქციონები ჩაანაცვლებს.
ბათუმის ძველ ბულვარში არსებული გედების ტბას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. მოეწყობა იასონ გორდეზიანის სახელობის სკვერი.
ძველი ბულვარის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი დანიშნულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საპირფარეშოები მოეწყობა, რომელშიც ბავშვთა გამოსაცვლელი სივრცე განთავსდება.
წელს, ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპირო ზოლი შშმ პირთათვის ადაპტირებული იქნება.
ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პლაჟზე გადასასვლელი ხის ბილიკების, საშხაპეებისა და გამოსაცვლელის, ასევე, ადაპტირებული საპირფარეშოების მოწყობა იგეგმება.
სანაპირო ზოლი აღიჭურვება ტივტივა ეტლებით, რომელთა სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება და შშმ პირებს ზღვაში დამოუკიდებლად შესვლის საშუალებას მისცემს. აღნიშნული პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და ხელშეწყობას ემსახურება.
ბათუმის პლაჟზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. სანაპირო ზოლი უსახური და უკანონო ობიექტისგან თავისუფლდება. აღნიშნული ღონისძიებების გატარება სსიპ ბათუმის ბულვარის ინიციატივით, აჭარის მთავრობის და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
ბათუმის ბულვარისთვის მნიშვნელოვანია ზღვისპირა ბულვარში ქალაქი მაცხოვრებლებისა და ვიზიტორებისთვის დასვენების უსაფრთხო და მშვიდი გარემო იყოს უზრუნველყოფილი. შესაბამისად, 1 მაისიდან, ბულვარის ტერიტორიაზე აიკრძალა კვადროციკლების მოძრაობა.
მტირალას ეროვნული პარკი + ბოტანიკური ბაღი
წელს, მტირალას ეროვნულ პარკში მისვლა ტურისტებს ახალი, ასფალტირებული გზით შეეძლებათ, რაც ეროვნულ პარკამდე მისვლას კომფორტულს გახდის. სიახლეა ეროვნულ პარკშიც, სადაც ახალი ტურისტული ატრაქცია - თოკების პარკი გაიხსნა.
სიახლე იქნება ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც, სადაც სეზონისთვის ნეკერჩხლების პარტერი და საგანმანათლებლო სკვერი გაიხსნება.
ნეკერჩხლების პარტერი - ნეკერჩხლების 0არტერში იქნება ელ. მობიკების გასაჩერებელი, სალარო, მცირე კაფე და მოსასვენებელი საგანმანათლებლო სკვერი - საგანმანათლებლოში სივრცე, სადაც საგანმანათლკებლო შეხვედრები, პრეზენტაციები გაიმართება.
მთიანი აჭარა
მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს კი საინტერესო ეკოტურისტული,
სათავგადასავლო და საინტერესო ტურისტული მარშრუტები ელოდებათ. ტურისტული
მარშრუტების მარკირება ხულოს მუნიციპალიტეტეში დასრულებულია, სადაც მოგზაურებს 3 დღიანი
წრიული მარშრუტების გავლა ცენტრალურ გზაზე ჩამოსვლის გარეშე შეუძლიათ.
მთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს სრულყოფილ ტურებს უკვე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ბოლო ორ წელში გადამზადებული გიდები შესთავაზებენ. სიახლეა რეგიონში სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. განსაკუთრებით ეს ეხება კურორტ გოდერძის, სადაც საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები უკვე ორი წელია ტარდება. ამ ეტაპზე კურორტზე ინგლისურის ენის მესამე ეტაპი მიმდინარეობს. პარალელურად ტარდება პრაქტიკული ტრენინგები მზარეულებისთვის დაბა ხულოსა და გოდერძის ტურისტული ობიექტებისთვის.
ფრენები
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე იზრდება ბათუმის მიმართულებით ფრენების რაოდენობაც. წელს, ბათუმის
მიმართულებით ფრენებს 25 ავიაკომპანია 24 მიმართულებით შეასრულებს. გარდა რეგულარული ფრენებისა ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელარუსიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ემატება ჩარტერული რეისებიც მათ შორის ევროპული ქვეყნებიდან.
- რიადი -ბათუმი
- ვილნიუსი-ბათუმი
- ნოვოსიბირსკი- ბათუმი
- ბაქო-ბათუმი
- ჩელიაბინსკი - ბათუმი
2018- 2019 წლებში რეგიონში არსებულ რეგისტრირებულ სექტორს 14 განთავსების ობიექტი შეემატა, რითაც არსებული საწოლი ადგილები 1,281-ით გაიზარდა. ჯამში, მიმდინარე ინფორმაციით რეგიონში 393 განთავსები ობიექტი და 22, 883 საწოლი ადგილია.
წელს, აჭარაში დასვენების მსურველებს ახალი ტურისტული სერვისიც ელოდებათ.
ბათუმის სითი ტურისას ქალაქის ულამაზესი ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაოებების ნახვა
ახალი ტურისტული ავტობუსით (hip-hop ) შეეძლებათ.
სტატისტიკა
მთიანაჭარაში მოგზაურების რაოდენობა გაზრდილია. გასული წლის მონაცემებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ეკო და სოფლად არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე 244, 478 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც 2017 წლის მონაცემებს 124%-ით აღემატება. მოგზაურების სტატისტიკა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვების, განთავსებისა და ტურისტული ატრაქციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოამზადა.
რაც შეეხება რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდებოას, გასულ წელს 2, 100, 000 ზე მეტი ვიზიტი განხორციელდა.
რაც შეეხება 2019 წლის, 5 თვის მონაცემებს, გარდა მეზობელი ქვეყნებისა, საიდანაც რეგიონში რაოდენობრივად ყველაზე მეტი მოგზაური შემოდის, დადებითი ტენდენციები ნარჩუნდება ისეთი ევროპული ქვეყნებიდან, როგორებიცაა გერმანია (+5%), ესტონეთი (+59%), ლატვია (+106%) და დიდი ბრიტანეთი (+20%). საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების განსაკუთრებული ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში შეინიშნება, სადაც 5 თვის მონაცემებით 36%-იანი ზრდაა.
რეკლამა+ ტურები
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ტურისტების მოზიდვის მიზნით 16 სამიზნე ქვეყანაში ანხორციელებს. რეკლამა ძირითადად, სატელევიზიო რეკლამას, ონლაინ რეკლამას, პრესს და ინფოტურების ორგანიზებას, გარე რეკლამას და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარმოჩენას ითვალისწინებს.
ბოლო ორ წელში, რეგიონში 1000-ზე მეტი ჯურნალისტი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები 25 ქვეყნიდან ჩამოვიდა. აქტიურად მიმდინარეობს ინფო-პრესტურები ახლაც ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან. დღეს იმყოფებიან ესტონური სააგენტოების წარმომადგენლები და ბელარუსი ჯურნალისტები. თვის ბოლომდე კი ველოდებით პრესტურებს ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან და პოლონეთიდან.
ჯამში, წელს რეგიონის პოპულარიზაცია 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ბათუმი რამდენიმე დღის წინ ტურისტული ოსკარის მფლობელი გახდა. მან ნომინაციაში „საუკეთესო სწრაფად განვითარებადი ტურისტული მიმართულება ევროპაში" გაიმარჯვა.