
13 ივნისს სასტუმრო რედისონში საზოგადოებრივი აზრის ხელმძღვანელმა მიხეილ დიაკონიძემ თბილისის მერიის კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამოქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობა მოსწავლეებში“ შემაჯამებელი პრეზენტაცია წარადგინა, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლისა და სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის“ ინიციატივით2019 წლის 27 მარტიდან დაიწყო და 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
პროექტს წინ უძღოდა საზოგადოებრივი აზრისა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის მეირ განხორციელებული კვლევა, რომელიც მოიცავდა როგორც მომავალ აბიტურიენტებს, ასევე სტუდენტებს.
„კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში პროფესიისა და კერძოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არჩევა ხდება ოჯახის წევრებისა და მეგობრების რჩევებზე დაყრდნობით. ხშირია შემთხვევა, როდესაც მათი მოლოდინები და არსებული რეალობა აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც უიმედობასა და ხშირ შემთხვევაში მომავალი პროფესიის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებას იწვევს“.
ორგანიზაციამ პროექტის ფარგლებში 600-ზე მეტი მოსწავლის ვიზიტი განახორციელა სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომლის დროსაც მოსწავლეებს ხვდებოდნენ როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე აკადემიური პერსონალი და აქტიური სტუდენტური ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი მოსწავლეებს ადგილზე აცნობდნენ საგანმანათლებლო პროცესს, ესაუბრებოდნენ სასწავლებელში არსებულ პროექტებზე, როგორც ფორმალური ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით.
გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ მცირე ექსკურსიის სახით მოინახულებინათ სასწავლებლის ბაზები და გაცნობოდნენ არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
პროექტში ჩართული იყვნენ შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი;
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
პროექტში ჩართულია ასევე შემდეგი კოლეჯები:
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“;
საზოგადოებრივი კოლეჯი „მერმისი“;
პროფესიული კოლეჯი „იკაროსი“.
პროექტის შედეგები და გამოვლენილი პრობლემური საკითხები, რაც აუცილებელია პროფესიული სწორი
ორიენტაციისათვის დასკვნის სახით გადაეგზავნება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.