
ბარბარე რაფალიანცის დედა თათია მექერიშვილი „განსხვავებულ აქცენტებში“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჰყვება, რომ გენერალურ ინსპექციაში შესთავაზეს, შვილის მკვლელობა საკუთარ თავზე აეღო.
მექერიშვილის განცხადებით, მას არ მისცეს უფლება, დაკითხვაზე თან ჰყოლოდა ადვოკატი. თათია მექერიშვილი ჰყვება, რომ მას შვილის მკვლელობის საკუთარ თავზე აღება ვინმე ვახტანგმა შესთავაზა, ხოლო მას შემდეგ, რაც პასუხად მტკიცე უარი მიიღო, გააფრთხილა: „კარგი, მაშინ რაც მოგივათ, თქვენს თავს დააბრალეთ“.
თათია მექერიშვილი იხსენებს, რომ მას არ დაუსვამს შეკითხვა, რა შეიძლება მომხდარიყო:
„არ მიკითხავს, რადგან აზრი არ ჰქონდა, მესმოდა ისედაც ჭორები, თითქოს მე მოვკალი ჩემი შვილი, მაგრამ ეს ხომ აბსურდია - ყველამ იცის, მე ის როგორ მიყვარდა და რომ მე არ მომიკლავს.
არ გვხვდება პრემიერი, არ გვხვდება შს მინისტრი, არ გვხვდება მანანა ბერიკაშვილი და მეტიც, გამოდის და მასახარად გვიგდებს, ამბობს, რომ ეს თემა აღარ არის საინტერესო... რატომ არ არის? რატომ გვპირდებოდა მხარდაჭერას ამ საქმის გამოძიებაში? რატომ დაადო ხელი ღვნიაშვილს, თუ დარწმუნებული არ იყო? ახლა აღარ არის საინტერესო?“, - ამბობს მექერიშვილი „განსხვავებულ აქცენტებში“.
მისივე თქმით, რაც უნდა მოხდეს, არ ეშინია, რადგან თავისი შვილის მკვლელის ვინაობის დადგენას ცდილობს:
„არ მეშინია... რისი უნდა მეშინოდეს? მაშინ მეშინოდა, მაგრამ მერე ძალა მომეცა, რადგან დავფიქრდი - რა უნდა მიქნან ამაზე მეტი? მე შვილი მომიკლეს, ჩემი შვილი შესწირეს ამ ამბავს... არ ვიცი, ვისი გაკეთებულია, მაგრამ ვიტყვი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებული არ მგონია - მათ მოითხოვეს საგამოძიებო კომიტეტის შექმნა, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა...“, - თქვა გარდაცვილილი ჩვილის დედამ „განსხვავებულ აქცენტებში“.
გადაცემის წამყვანმა კიდევ ერთი ფაქტი გაასაჯაროვა: მას შემდეგ, რაც გადაცემისთვის ჩაწერეს პირველი ინტერვიუ თათია მექერიშვილთან, რაფალიანცების სახლში ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა დარეკა (შეგახსენებთ, მან ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებაში ჯერ ნაციონალები, შემდეგ კი „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა, მერე კი ბოლო ვერსია ისევ გადათქვა). ბარბარე რაფალიანცის დედის თქმით, ადვოკატმა ის გააფრთხილა, რომ ჟურნალისტებთან არაფერი ეთქვა.