
"აფხაზეთის ხმის" მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკში, გაეროს ოფისთან პრემიერის წინააღმდეგ გამართული აქციის წევრის ძმა საქართველოს შსს-ს აკადემიიდან დაითხოვეს, დადასტურდა.
"კურიერთან" საუბარში აკადემიიდან დათხოვნილი მექი აბჟანდაძის ძმა პაატა ადასტურებს, რომ მისი ძმა, რომელიც 5 წელზე მეტია, აკადემიაში ლექციებს კითხულობს, სწორედ აქციაში მისი მონაწილეობის გამო დაითხოვეს სამსახურიდან. პაატა აბჟანდაძე აშშ-ის მოქალაქეა.
პაატა აბჟანდაძის თქმით, აქციის მონაწილეები საქართველოში გაუხსნელ მკვლელობებს და კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას აპროტესტებდნენ. მისმა ძმამ, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ამ აქციის შესახებ არაფერი იცოდა.
„როდესაც პრემიერი ქადაგებდა დემოკრატიას გაეროს შენობაში, იმ წუთებში ხდებოდა გათავისუფლება,“- ამბობს "კურიერთან" პაატა აბჟანდაძე.
მექი აბჟანდაძის პოლიციის აკადემიიდან გათავისუფლებას ადასტურებენ აბჟანდაძის ოჯახის წევრები. მათთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია, რადგან მექი აბჟანდაძე 5-6 წელია პოლიციის აკადემიაში მუშაობს, კარგი პროფესიონალია და, ოჯახის წევრების განცხადებით, აპოლიტიკური ადამიანია.
ზეწოლაზე საუბრობს გაერო-ს შენობის წინ ჩატარებული საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ნატა გოდერძიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მექი აბჟანდაძის საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობს პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე.
"კურიერის" მიხედვით