-
2014-05-20 08:26
დარიალის ხეობაში მაშველებმა გუშინ ვერტმფრენით რუსეთის კიდევ 6 მოქალაქე გადაიყვანეს ლარსის მიმართულებით. უკვე დადგენილია იმ 7 დაკარგული პირის ვინაობა, რომლებსაც სამაშველო ჯგუფები პირველი დღიდან ეძებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ტრაილერების გარდა, მეწყრის ქვეშ მოყოლილია მსუბუქი ავტომანქანებიც. ამ დროისთვის დარიალის ხეობაში კოკისპირული წვიმა და ნისლია, თუმცა სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მას შემდეგ, რაც მდინარე თერგი ე.წ. ალტერნატიულ კალაპოტში ჩადგა, მიმდინარეობს გზაზე ჩამოწოლილი ღვარცოფის ნარჩენებისგან მისი გაწმენდა.
ცნობილი გახდა ასევე გეოლოგების პირველადი დასკვნის შედეგები: ისინი თვლიან, რომ მეწყერი დარიალის ხეობაში ბუნებრივი პროცესებით იყო განპირობებული, თუმცა, ამ პოზიციას არ ეთანხმება „მწვანე ალტერნატივა“, რომელსაც მიაჩნია, რომ დევდორაკის ხეობაში ისეთი პროცესები მიმდინარეობდა, რამაც საბოლოოდ, ამ ტრაგედიამდე მიგვიყვანა.