
დარიალის ხეობაში სამძებრო სამუშაოები შეფერხებულია - მას თერგის კალაპოტში მომატებული წყლის დონე და უამინდობა აფერხებს. ამასთან, გზის გაწმენდის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.
ამ დროისთვის მყინვარწვერზე დარჩენილია მთის მოუწყვეტელი მასა, რის გამოც გზაზე მთლიანად შეზღუდულია გადაადგილება. მყინვარწვერის ყველაზე მაღალი წერტილიდან მესაზღვრეები მეწყერსაშიშ ზონას აკვირდებიან.
გეოლოგების დასკვნა იმის შესახებ, არის თუ არა ერთმანეთთან კავშირში დარიალში მეწყრის ჩამოწოლა და ჰესების მშენებლობა, დღეს გახდება ცნობილი, თუმცა, გარემოს დაცვის მინისტრი წინასწარ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ჰესების მშენებლობის ადგილი გეოლოგიურად სულ სხვა ზონაშია და ჰესების მშენებლობას არ უკავშირდება.
რაც შეეხება დაზარალებულებსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულებს, ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება 7 ადამიანი, ერთი გარდაცვლილია, ევაკუირებულია 200-ზე მეტი, მათ შორის 4 უცხო ქვეყნის მოქალაქე.
სახელმწიფო სტრუქტურების ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩამოშლილი მთის მასივში სამი სატვირთო ავტომობილია მოყოლილი, სადერივაციო გვირაბში კი რამდენიმე პირია ჩარჩენილი. მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.