-
2014-05-17 02:36
„საჯარო ინფორმაციის ანალიტიკური ბლოგის“ მიერ ჯერ კიდევ 2013 წლის მარტში გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, 2011 წელთან შედარებით, 2013 წლის განმავლობაში მინისტრების ყოველთვიური შემოსავალი გაიზარდა.
ბლოგზე კონკრეტული ინფორმაციაა განტავსებული იმის შესახებ, თუ რაზე დაყრდნობით კეთდება ზემოთხსენებული დასკვნა, მოყვანილია ასევე წინა ხელისუფლების მინისტრების ყოველთვიური შემოსავლის მაჩვენებელი ცხრილი.
ბლოგზე ვკითხულობთ:
„საქართველოს პრემიერ მინისტრის 2013 წლის 7 მარტის N47 ბრძანების საფუძველზე საქართველოს მინისტრებს (სახელმწიფო მინისტრებს) და საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსს მიეცათ თებერვლის პრემია თითოეულს 4335 ლარის ოდენობით.
ზემოთ მოყვანილი ბრძანების გამოცემის შემდგომ მთავრობის კანცელარიამ საზოგადოებას განუმარტა, რომ მინისტრების პრემიებით დასაჩუქრების ყოველთვიური პრაქტიკა გაუქმდებოდა და თითოეული მინისტრი ყოველთვიურად მიიღებდა დასაბეგრი შემოსავლის სახით 7875 (ხელზე 6300) ლარს. ამასთან გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, მინისტრები დამსახურების შესაბამისად პრემიას მიიღებდნენ წელიწადში მხოლოდ ერთხელ.
N53 ბრძანებაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ამიერიდან საქართველოში მინისტრის ყოველთვიური დასაბეგრი შემოსავალი განისაზღვრა 7875 ლარით (3540 ლარი ხელფასი და 4335 ლარი დანამატი) . შესაბამისად, საპრემიო თანხების გარეშე, საქართველოს მთავრობის წევრის (მინისტრის) ერთი წლის შემოსავალი შეადგენს 94 500 ლარს (ხელზე 75 600 ლარს), ხოლო 19 მინისტრზე სახელფასო ფონდი განისაზღვრება 1 795 500 ლარით.
როგორც ცხრილიდან ირკვევა, ჯერ კიდევ 2013 წლის მარტის მოცემულობის ანალიზით, 2011 წელს მინისტრების საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისთვის მიღებული დასაბეგრი საშუალო შემოსავალი (ხელფასი და პრემია) შეადგენდა 7 372 (ხელზე 5898) ლარს, რაც 503 ლარით ჩამოუვარდება 2013 წლიდან მინისტრის საშუალო ყოველთვიურ დასაბეგრ შემოსავალს.
შეგახსენებთ, დღეს გადაცემა "რეაქციაში" იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ რასაც ახლანდელი მინისტრები იღებენ, წინა ხელისუფლების მინისტრებთან შედარებაც არ შეიძლება, რადგან "ისინი ქვეყანას ყვლეფდნენ". მინისტრის თქმით, წინა ხელისუფლების მინისტრების შემოსავლებზე ცალკე გადაცემა უნდა გაკეთდეს.
წყარო

