
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ დეპარტამენტში გაცემული პრემიების გამართლებას ვერც თავად, ვერც მთავრობის წევრები და ვერც პრემიერმინისტრი ვერ ხედავენ.
ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, გაცემული პრემიები სრულიად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო:
"ზოგადად სასჯელაღსრულების დეპარტამენტი არის საქვეუწყებო დაწესებულება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი და დეპარტამენტის თავმჯდომარე თვითონ გასცემს ამ პრემიებს, თუმცა, ზოგადად გაუმართლებელია მინისტრთან შეთანხმების გარეშე მსგავსი რამ.
ამას ითვალისწინებს კიდეც შიდა რეგულაციები და არა კანონი. მეორეც, შეთანხმება რომც არ სჭირდებოდეს ეს არის ყოვლად გაუმართლებელი. ამაზე გვქონდა ძალიან მკაცრი რეაგირება მაშინვე და ძალიან მკაცრად მოვთხოვე პასუხი. მისი მოტივაცია იყო, რომ წლის ბოლოა, ფულია დარჩენილი და გაანაწილეს იმიტომ, რომ ურთულესი დეპარტამენტი ჩაიბარეს და ურთულეს პირობებში უხდებოდათ მუშაობა, თუმცა ვიმეორებ, მე ამის გამართებას ვერ ვხედავ. ვერ ხედავს გამართლებას მთავრობის ვერც ერთი წევრი და ვერც პრემიერი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.