
ნინო შუბლაძის ტელეკომპანიიდან წასვლა ფარულ აუდიო-ვიდეო მოსმენებთან კავშირში არ არის, ასევე არ უკავშირდება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არხი ჟურნალისტ ნათია მიქიაშვილთან თანამშრომლობას იწყებს- ამის შესახებ რუსთავი 2–ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ,,ნეტგაზეთთან“ აცხადებს.
"ნინო შუბლაძესთან საუბარი, რა თქმა უნდა, მქონდა. გუშინ ჩვენ თათბირიც ჩავატარეთ. კი, ბუნებრივია თქვენი კითხვა, რა თქმა უნდა, ლოგიკურია, მაგრამ სამწუხაროდ ინტერესი უნდა გაგიწბილოთ და გითხრათ, რომ ნინო შუბლაძის წასვლა ამ ყველაფერს არ უკავშირდება. მე და ნინო დაახლოებით ერთი წლის წინ შევთანხმდით, რომ ის მიდიოდა [მიმდინარე წლის] აგვისტოში, ვინაიდან მას პირადი, ოჯახური მოტივაცია ჰქონდა, შესაბამისად არ გამკვირვებია, როცა ეს მითხრა.
ჩემი მოტივაცია მასთან საუბარში სწორედ ის იყო, როდესაც მის გადარწმუნებას ვცდილობდი, რომ ახლა მისი წასვლით გაჩნდებოდა გარკვეული კითხვები, თუმცა მისმა მოტივაციამ გადასძალა. როგორც უკვე გითხარით, გუშინ გვქონდა თათბირი, გავიარეთ ეს საკითხი და ნინოს თხოვნა დაკმაყოფილდა.
მე ნინოს გადარწმუნებას ვცდილობდი, ის იყო ჩემი მარჯვენა ხელი, ძალიან წარმატებული მენეჯერი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, ამიტომ ვადასტურებ, რომ მის გარეშე ძალიან გამიჭირდება და საერთოდ მედიის მიღმა მე მას ვერ ვხედავ, მაგრამ როცა ადამიანი აიხირებს, რომ პაუზა უნდა აიღოს, მას ეს შესაძლებლობა უნდა მისცე, იმიტომ, რომ მე თვითონაც მაქვს ეს გზა გავლილი, მე პოლიტიკიდან თავის დროზე სწორედ ასე წამოვედი. როდესაც თვითონ მაქვს ასეთი გზა გავლილი, ამაში სხვას ხელს ვერ შევუშლი", – აცხადებს გვარამია ,,ნეტგაზეთთან".