წელს, 17 მაისს, პირველად, ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. აღნიშნულის ინიციატორი კათოლიკოს-პატრიარქია.
პატრიარქი ილია მეორე სამღვდელოებას აძლევს ლოცვა-კურთხევას, 17 მაისს, 12:00 საათზე ტაძრებში ჩაატარონ პარაკლისი, ნაკურთხი წყლით აკურთხონ ტაძრები, სახლები, ოჯახები და ქუჩები.
ოჯახებში ნაკურთხი წყლის პკურების კურთხევას პატრიარქი საერო პირებსაც აძლევს. ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ოჯახის სიმტკიცეზე, მშობლებისა და შვილების ურთიერთობებზე იქადაგა და ბრძანა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ოჯახში იზრდება ადამიანი.
"ადამიანის ხასიათი, უპირველეს ყოვლისა, ოჯახში ყალიბდება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ოჯახში იზრდება ის. ადამიანის ხასიათი, მისი თვისებები, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია ღვთის ლოცვა-კურთხევაზე, დამოკიდებულებულია მშობლებსა და წინაპრებზე და დამოკიდებულია თვით ადამიანზე. განსაკუთრებით საყურადღეობა ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. შვილებმა ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არ უნდა მოისმინონ.
არ უნდა გაიგონონ ცუდი სიტყვა, ლანძღვა-გინება. მათ უნდა ესმოდეთ სიკეთე და ასე გააგრძელებენ ცხოვრებას. ამიტომ ვფიქრობთ, თუ როგორ უნდა ვილოცოთ, როგორ გადავუხადოთ მადლიერება მშობლებს. მივიღეთ ასეთი განჩინება, ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების მოხსენიების, მშობლების პატივისცემის დღე.
ამ დროს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს - მშობლები და შვილები. უნდა აღვავლინოთ ლოცვები, ერთი პირით, ერთი ძალით და ერთი გონებით. სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა-კურთხევა, ამ დღეს 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისები ტაძრებში და ნაკურთხი წყლით აპკურონ ტაძარი, ოჯახები, ქუჩები, ასევე ლოცვა-კურთხევა ეძლევა საერო ადამიანებს, რომ ნაკურთხი წყლით აკურთხონ ოჯახი და საკუთარი თავი. პირველი ასეთი დღესასწაული იქნება 17 მაისს.
თქვენ ნახავთ, როგორ გაძლიერდება თქვენი სული, გონება, სხეული და როგორ გაძლიერდება საქართველო", _ ბრძანა პატრიარქმა.
"ინტერპრესნიუსის" მიხედვით