
ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს, რომ ეკლესია ტესტირების წინააღმდეგი არ არის.
"რისკჯგუფში არის ყველა ადამიანი, ვისაც ადამიანებთან შეხება აქვს, ეს ბუნებრივია. ჩვენ, სასულიერო პირები, ვესინჯებით კიდევაც, დავდივართ ექიმებთან, ვიღებთ ანალიზებს, ჩვეულებრივად. თუ, ვინმე ამ ანალიზს აგვიღებს, ეკლესია ამის წინააღმდეგი არასდროს არ იქნება. როგორ შეიძლება წინააღმდეგი ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცამ აგვიღოს ანალიზი და ჩაგვიტაროს ეს ტესტი. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამაში,"- განაცხადა სასულიერო პირმა "კურიერთან" საუბარში.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 1 აპრილს დამტკიცებული ალგორითმის თანახმად, COVID 19-ზე მასობრივ ტესტირებას ექვემდებარებიან შემდეგი ჯგუფები: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანებიც.