
ქართული პირბადეები საზოგადოების ნაწილისთვის კრიტიკის საგანი გახდა. ამის შესახებ კომენტარი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ
პირბადეები საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია.
მისივე თქმით, სამედიცინო მიზნით მოხმარებისას კი ის ერთჯერადად უნდა გამოიყენონ.
"ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, ჩვენთან შემოწმდა ეს პირბადეები. გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები ჩატარდა. გვაქვს დიდი დეპარტამენტი, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც მუშაობს ამ ტიპის საკითხებზე, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი უნდა ეცვას", — განაცხადა ამირან გამყრელიძეიმ პირველ არხთან.
პირბადეების კრიტიკას ასევე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, კრიტიკის ძირითადი საგანი ისაა, რომ ეს პირბადეები "მოდური არაა".
"ეს არის პირბადეები, რომელიც განკუთვნილია სამედიცინო და პრევენციული მიზნებისთვის. აქ ვიზუალური მხარე მეორეხარისხოვანია. ვიზუალურადაც მაქსიმალურად მორგებულია იმ რეალობას, რომელიც სჭირდება ასეთი პირბადის შეკერვას", — აღნიშნა კობახიძემ.