
მიხეილ მესხის სტადიონთან გახსნილ სალაროებში სუპერთასის ფინალის ბილეთები პირველმა იღბლიანებმა უკვე შეიძინეს. სალაროებთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია, იქეთკენ პოლიცია მხოლოდ იმ მოქალაქეებს უშვებს, ვინც რიგის ორგანიზების მიზნით შედგენილ სიებში წინასწარ ჩაეწერა.
რიგის ასეთი პრინციპის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ რეგიონებიდან ჩამოსული გულშემატკივრები, რომლებიც ამბობენ, რომ ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე ორი დღით ადრე თბილისში ჩამოსვლისა და იქ დარჩენის საშუალება არ ჰქონდათ.
ვაკის პარკში ათასობით ადამიანია შეკრებილი, მათი რაოდენობა იზრდება. მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, არიან შეირაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ავტობუსებში გადაანაწილეს, აღმართულია ჯებირები. ჯებირებად გამოყენებულია ავტობუსებიც.
„ნეტგაზეთი“, რომლის რეპორტიორი გიორგი დიასამიძე მთელი ღამის განმავლობაში ვაკის პარკში იმყოფებოდა და იქ გადაღებულ ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებდა, წერს, რომ სამართალდამცველები მოქალაქეებს სალაროებისკენ წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით უშვებენ, მაშინ როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდა, რომ წინასწარ სიების შედგენას არავითარი აზრი არა აქვს, რადგან ბილეთები ცოცხალი რიგის მიხედვით გაიყიდება.
„ნეტგაზეთი“ წერს, რომ „ქომაგების ინიციატივით რამდენიმე ახალი ჯგუფი კეთდება. ჯგუფების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, პაატა ლომინაძე ამბობს, რომ ვინც დარჩენილ ჯგუფებში ვერ მოახერხებს ჩაწერას, უბილეთოდ დარჩება. ლომინაძე სიების "ლიდერების" სახელებსა და გვარებს ხმის გამაძლიერებელში აცხადებს“.
ტვ „იმედის“ ჟურნალისტი ნათია ორველაშვილი „ფეისბუქზე“ აქვეყნებს სალაროებთან გადაღებულ ფოტოს, საიდანაც ჩანს, რომ ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. ამასთან, წინასწარ შედგენილი სიის წყალობით, სალაროები რიგით გადატვირთული არ არის, თუმცა, ჯერ უცნობია, რამდენ ხანს გასტანს ეს იდილია, რადგან იზრდება მათი რიცხვიც, ვინც წინასწარ სიების შედგენის გამო უკმაყოფილებას გამოხატავს.
მანამდე კი იყო ღამისთევა ვაკის პარკში, კარვები, ჰამაკები, ჩხუბი და ხმაური. ცოცხალი რიგი იდგა ვაკის პარკთან ახლოს სასურსათო მაღაზიასთანაც, როგორც წყალსა და პროდუქტებზე, ასევე მობილური მოწყობილობების დასამუხტავად. ღამის განმავლობაში გულშემატკივრებს შორის მოხდა რამდენიმე ინციდენტი, თუმცა, მათში პოლიცია არ ჩარეულა.
გიორგი დიასამიძისა ("ნეტგაზეთი") და ნათია ორველაშვილის (ტვ "იმედი") ფოტოები