-
2015-06-25 23:35
სოჭში დაწყებული წყალდიდობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასაც გადმოსწვდა: დაბა ლესელიძეში პანიკაა. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, დასახლებაში "სახლები, მანქანები და ადამიანები დაცურავენ".
ლესელიძის მკვიდრი ზინაიდა ვარვაშტიანი აცხადებს, რომ დობროვოლცების ქუჩა 15 წუთში წყლით დაიფარა: "ჩვენი მეზობელია ერთი მოხუცი ქალი, მთელი დღეა, სახლში ვერ შედის, ვერც ვერავინ ეხმარება", - ამბობს ვარვაშტიანი "სპუტნიკთან" საუბარში.
კიდევ ერთი ლესელიძელი ინეზა ბარგანჯია სექმნილ სიტუაციას კატასტროფას ადარებს: "რაც ხდება, ნამდვილი კატასტროფაა: წყლით იფარება ქუჩები, იტბორება და წყალს მიაქვს სახლები, მანქანები".
შეგახსენებთ, რომ დღეს მთელი დღის განმავლობაში ღვარცოფი და წყალმოვარდნა იყო ადლერში, სადაც აეროპორტი და რკინიგზის სადგურიც დაიტბორა, რთული სიტუაციაა სოჭშიც. მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და აუწყებენ, რომ სტიქიის შემოტევა, შესაძლოა, ღამის საათებში კიდევ უფრო გაძლიერდეს.