
„ქრონიკა+“ ექსკლუზიურად აქვეყნებს მასალას, სადაც აღნიშნულია, რომ მესტიასთან, ჰაწვალში დაგეგმილი სათხილამურო ტურნირი მედიის წარმომადგენელთა მონაწილეობით, სკანდალურად ჩაიშალა.
გამოცემა ჰაწვალის საბაგირო გზის ხშირ გაფუჭებას, ადგილობრივთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მესტიის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან აკავშირებს:
„რატომ შეიცვალა დაგეგმილი მედიატურნირის ჩატარების ადგილი ბოლო მომენტში? რატომ არ გაშუქდა არცერთი მედიასაშუალებით „მედიალამპრობის“ დეტალები? რა მოხდა ჰაწვალში?
საქმე ის გახლავთ, რომ ტურიზმის დეპარტამენტისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ერთობლივი პროექტი, რომლის მედიაპარტნიორი, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ბერას ტელევიზია „ჯიდიესიც“ იყო, 21 თებერვალს, ჰაწვალში უნდა ჩატარებულიყო.
ჰაწვალი ვისაც არ ახსოვს, შევახსენებთ: ეს სწორედ ის კომპლექსია, რომელიც 2010 წელს სააკაშვილმა გახსნა, ხოლო 2013 წელს - ირაკლი ღარიბაშვილმა. დიახ, სწორედ ის, გიორგი გაბუნიამ რომ ცნობილი ფრაზით მიმართა კომპლექსზე ასულ მთავრობის წევრებს: „ისრიალეთ, მაგრამ არ მოსრიალდეთ“... როგორც ჩანს, „კურიერის“ წამყვანის გაფრთხილება ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყურად არ იღეს და მოსრიალდნენ...
ჰაწვალი მესტიიდან 8კმ-ში, 2500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და იქვეა მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ჰაწვალი-ზურულდის სათხილამურო კომპლექსი.
კურორტზე სამი სათხილამურო ტრასაა, რომელთა გამოყენება არა მხოლოდ მოყვარულებისთვის, არამედ სპორტული შეჯიბრებებისთვისაც არის შესაძლებელი.
I- ტრასის სიგრძე 1900მ. ტიპი : წითელი (საშუალოზე რთული, სპორტული)
II- ტრასის სიგრძე 2565მ. ტიპი : ლურჯი (საშუალო სირთულის)
მოყვარული მოთხილამურეებისთვის :
I-სათხილამურო ტრასა 400მ.
II-სათხილამურო ტრასა 450მ.
ამ მონაცემების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, წელს ჟურნალისტების ნაწილი კიდევ უფრო მოემადლიერებინა და ისინი სვანეთში წაასხა. ტურნირში 50-ზე მეტი ჟურნალისტი მონაწილეობდა, მაგრამ მასზე სიუჟეტი, რატომღაც, ვერცერთი ტელევიზიის ტოპ-ტაიმში, ანუ საინფორმაციო გამოშვებაში ვერ მოხვდა.
ამის მიზეზი ის გახდა, რომ ტურნირის სრულყოფილად ჩატარებისთვის აუცილებელი ატრიბუტი - საბაგირო გზა გამოვიდა მწყობრიდან, მთავარ ტრასაზე, სადაც ტურნირი უნდა ჩატარებულიყო, ვერც მონაწილეები ავიდნენ და ვერც ორგანიზატორები, ამიტომაც „მედიალამპრობა-205“ სამოყვარულო სათხილამურო ტრასაზე ჩაატარეს, რომლის სიგრძე მხოლოდ 300 მეტრი გახლავთ. ორგანიზატორებმა და ზოგადად, მთავრობამ მიიჩნია, რომ ამ ღონისძიების გაშუქება არ ღირდა... აბა, იმას ხომ არ უჩვენებდნენ, ე.წ. კანატკას ტრაქტორით როგორ მიათრევდნენ...
კაცმა რომ თქვას, მერე რა მოხდა, არა? ტექნიკაა, მწყობრიდან გამოვიდა - ეგეთები მომხდარა? მაგრამ იმის მიუხედავად, რომ სვანები სულაც არ არიან ეჭვიანები ბუნებით, მესტიაში ამბობენ, რომ ჰაწვალის საბაგირო გზის ხშირად გამოსვლა მწყობრიდან სულაც არაა შემთხვევითი. ადგილობრივთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ამ მწყობრიდან გამოსვლის უკან, არც მეტი, არც ნაკლები, ვიქტორ ჯაფარიძე დგას.
რასაკვირველია, ჩვენ ხელაღებით ვერავის ვერაფერს დავაბრალებთ, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობაში რომ ეს აზრი არსებობს, ალბათ, თავად ბატონი ვიქტორისთვისაც არ იქნება სიურპრიზი...
სანამ შეკითხვას დასვამთ, თავად მე ვიკითხავ თქვენი სახელით: რაში აძლევს ხელს ვიქტორ ჯაფარიძეს საბაგირო გზის ხშირი გამოსვლა მწყობრიდან? სვანებს პასუხი აქაც აქვთ: იმიტომ, რომ წყობრიდან ხშირად გამოსვლის გამო საქართველოს მთვარობამ განაცხადოს, რომ ამ ტრასის შენახვა ძვირი ჯდება და ის გაასხვისოს, ანუ კერძო საკუთრება გახადოს... ვინ იყიდის საბაგიროს ასეთ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ვიქტორ ჯაფარიძე, რომელიც ამისთვის წინასწარ ყოფილა მომზადებული... თანაც, მარტო საბაგირო ხომ არ არის, ჰაწვალთან იმხელა კომპლექსია აშენებული, მისი ხელში ჩაგდება ნებისმიერი ბიზნესმენის ოცნება იქნებოდა... „- წერს „ქრონიკა+“.