
ის მოქალაქეები, რომლებმაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება ვერ შეინარჩუნეს გადუახდელობის გამო და თავს იპოთეკით დაზარალებულებს უწოდებენ, ფონდ „ქომაგისა“ და მისი დამფუძნებლის ია მეტრეველის წინააღმდეგ ერთიანდებიან.
იპოთეკარები ია მეტრეველსა და მის ფონდს, რომელიც თითქოსდა იპოთეკით დაზარალებულთა სიის შესადგენად და დასახმარებლად 2012 წელს შეიქმნა, თაღლითობაში ადანაშაულებენ.
„მაშინ გამოცხადდა, რომ „ქომაგი“ ადგენდა დაზარალებულთა სიებს, რომელიც აუცილებლად გადაეცემოდა ბიძინა ივანიშვილს, ის კი გამარჯვების შემდეგ ყველას მოგვცემდა იაფ კრედიტს მისი ბანკის მეშვეობით. ასეთ განცხადებებს საჯაროდ ბიძინა ივანიშვილიც აკეთებდა. ამ სიაში მოსახვედრად ანკეტის შევსება იყო საჭირო, რაც 20 ლარი ღირდა. ეს თანხა „ქომაგის“ ოფისში, ანკეტის შევსების დროს ყველას გვაქვს გადახდილი, მაგრამ როგორც სხვა დაპირება, არც ეს შესრულდა, ჩვენი ფული კი აორთქლდა“, - უთხრა „აფხაზეთის ხმას“ ერთერთმა იპოთეკარმა.
მისი თქმით, მათთვის მიცემული დაპირებები არ სრულდება, „ქომაგი“ კი თაღლითი ორგანიზაცია გამოდის და მისგან თანხის დაბრუნების მოთხოვნით უახლოეს პერიოდში იპოთეკარები ერთიან გამოსვლებს დაიწყებენ.