-
2015-02-19 06:07
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების და კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი, რომელიც მოიცავს ბალანსს 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.
დასკვნის თანახმად, სამინისტროს ბალანსი არასწორად ასახავს ფულად სახსრების ანგარიშს, კერძოდ „სახაზინო სამსახურის მიერ საბიუჯეტო ორგანიზაციების სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯების ანგარიშის გახსნისა და კორპორაციული ბარათების დამზადების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის N92 ბრძანების საფუძველზე სამინისტროსთვის გახსნილია ანგარიში და დამზადებულია კორპორატიული ბარათი.
2013 წლის 31 დეკემბრისათვის აღნიშნულ ანგარიშზე ირიცხებოდა ნაშთი 2,950.78 ლარი, რომელიც ბალანსში ფულადი სახსრების ანგარიშზე არ არის ასახული.
სამინისტროს ბალანსი არარეალურად ასახავს გრძელვადიან არაფინანსურ აქტივებს (ძირითად აქტივებს), რადგან ბალანსში 2013 წლის 1 იანვრისთვის და 2013 წლის 31 დეკემბრისთვის არ არის ასახული შესაბამისად, 7,828,810.86 ლარის და 5,801,937.44 ლარის ღირებულების არაფინანსური აქტივები.
უძრავი ქონების ჩამონათვალში ასახულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში 2009 წლიდან რიცხული პატრიოტული ბანაკის ქონება (18 ერთეული კოტეჯი და ბანაკის დამხმარე ინფრასტრუქტურა, სულ 925,299.0 ლარის ღირებულების), რომელიც ირიცხება სამინისტროს ბალანსზე საცნობარო მუხლების შემდეგ ანგარიშებზე:
შენობა-ნაგებობები და სპორტული მოედნები (ანგარიში B11203141) - ნარჩენი ღირებულებით - 617,500.00 ლარი; 18 კოტეჯი (ანგარიშები B11203162 - B11203179) - ნარჩენი ღირებულებით - 307,799.00 ლარი.
აუდიტის სამსახურის და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ, აღნიშნული ქონების ადგილზე დათვალიერების შედეგად გამოვლინდა, რომ განმუხურის ბანაკის ინფრასტრუქტურა და ერთეული კოტეჯი ადგილზე არ აღმოჩნდა(საკითხი ასახულია აუდიტის ანგარიშის საიდუმლო ნაწილში).
"2010 წლის 29 სექტემბრიდან, სამინისტროს ბალანსის ძირითადი აქტივებში 2013 წლის 31 დეკემბრის მდგონარეობით ირიცხება სამინისტროს არსებობის პერიოდში შექმნილი „ანაკლიის ბანაკი პროექტის ჩათვლით“ (N2119.1.00216 ანგარიშზე) - 2,800,000.00 ლარის ნარჩენი ღირებულებით და ორი კოტეჯი (N2112.00214 და 2112.00215 ანგარიშებზე) - 19,062.34 ლარის ნარჩენი ღირებულებით, რომლებიც სამინისტროს სახელზე დარეგისტრირებული არ არის, რითაც დარღვეულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დათვალიერების შედეგად, ანაკლიის ბანაკის ორი ერთეული კოტეჯი ადგილზე არ აღმოჩნდა.“ - წერია დასკვნაში.
"გურიანიუსის" მიხედვით