
ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტის, დემურ გიორხელიძის განცხადებით, ისეთ უსუსურ, მწირ და პრობლემებით დახუნძლულ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, 6%-იანი ზრდის მაჩვენებელი ძალიან ცოტაა.
„ამ ზრდის ტემპებით შეუძლებელია სიღარიბის დაძლევა, ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონის გაუმჯობესება. ასეთია რეალობა.
ჩვენი ეკონომიკა დღეს 6%-იანი ზრდის შემთხვევაში 16 მილიარდ 300 მილიონი აშშ დოლარის ტოლი იქნება.
ეს არის ერთი ამერიკული ფირმის წლიური შემოსავალი. რა უნდა გაკეთდეს ამ ფულით? მომავალ წელს დაგეგმილია 5%-იანი ზრდა, შემდეგ სამ წელიწადში 5.5%-იანი ზრდა, სრული უპერსპექტივოა. მინიმალური ზრდის პროცენტი, რომელიც ოდნავ მაინც დაეტყობა ქვეყანას, არის 8-12%.
აქედან გამომდინარე, ესე იგი, ჩვენ სხვა გზას უნდა დავადგეთ. უნდა მოვძებნოთ ეკონომიკური ზრდის სხვა ფაქტორები, ესაა განათლება, ინოვაციური განვითარება და ამას წლები სჭირდება. წლები რომ არაფერს ნიშნავს საქართველოში, ჩვენ 2015-18 წლის პროგნოზებით ვხედავთ. ამ წლებში არანაირი სერიოზული გარღვევა არც დასაქმებაში და არც სიღარიბის დაძლევაში უბრალოდ არ გვექნება.
გარღვევა ჯერჯერობით ეკონომიკური ზრდის მიმართულებით, თუნდაც სამუშაო ზრდის მიმართულებით, მთავრობამ ვერ შექმნა. გასაგებია, რომ ყველა პრობლემა 2 წელიწადში ვერ დაიძლეოდა. ეკონომიკის ღერძი უნდა იყოს სამუშაო ადგილების ზრდა, ვერ აკეთებს ამას მთავრობა, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის ბრალი.
რა თქმა უნდა, დავიწყებდი იმით, რაც უპირველესია, ადამიანებს, რომელთაც სურთ დამოუკიდებელი საქმიანობა, ამისთვის გავუჩენდი შესაძლებლობებს. მთავრობის დიდი შეცდომაა, როცა ის ახორციელებს პროგრამებს მინიმალური შედეგით, ეს პოლიტიკა ასი ათასობით ადამიანის დასაქმებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს არის ხელისუფლების სუსტი ადგილი.
თითოეულ სამინისტროს უნდა ჰქონდეს ზუსტი მონახაზი, რომელსაც უნდა მიაღწიოს. ცალკეული სამინისტროები „იქაჩებიან“ სამეურნეო ფუნქციების შესრულებაზე, მათი პროდუქტი უნდა იყოს გადაწყვეტილებები, რომლის შედეგად კერძო სექტორმა უნდა დადოს შედეგი. გარდა ამისა, კარჩაკეტილობა მთავრობის ეფექტურობას ძალიან ავნებს. ჩვენთან არ არსებობს გადაწყვეტილების განხილვის, მისი დამუშავების ტექნოლოგია, გადაწყვეტილებები კულუარებში მიიღება და ამიტომ არის ისინი არაეფექტური“, - განაცხადა გიორხელიძემ.
„ალია“