
რუსეთის მიერ საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერების საკითხს ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველოში რუსეთიდან შემოსული საქონელი საბაჟო გადასახადით დაიბეგრება და საბოლოო ჯამში საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით 15-20 მილიონ ლარს მიიღებს.
„ცხადია, ფაქტი იმის შესახებ, რომ რუსეთმა გადაწყვიტა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გასვლა, კარგი არ არის. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის ტრაგედია.
ჩვენ რუსეთთან გადავდივართ იმავე სავაჭრო რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღეს ვვაჭრობთ ევროკავშირთან, ჩინეთთან და ბევრ სხვა სახელმწიფოსთან. ჩვენი გათვლებით რუსეთში საბაჟო გადასახადით ჩვენი პროდუქციის დაბეგვრამ არ უნდა გამოიწვიოს ამ პროდუქციის მნიშვნელოვანი გაძვირება და ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება.
წლევანდელი მონაცემებით, ექსპორტის 80% არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ღვინო და გამაგრილებელი სასმელები, 11% მადანი და ელექტროენერგია. ვფიქრობთ, რომ ზარალი არ იქნება და ამას დაემატება ის, რომ რუსეთიდან შემოსული საქონელი დაიბეგრება საბაჟო გადასახადით.
საბოლოო ჯამში დამატებით, საქართველოს ბიუჯეტი მიიღებს დაახლოებით 15-20 მილიონ ლარს", - განაცხადა ხადურმა.