
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობის ინიციატივას ,,აწარმოე საქართველოში“ ეხმაურება. განცხადებას "აფხაზეთის ხმა" უცვლელად გთავაზობთ.
"მთავრობის ინიციატივის თაობაზე – ,,აწარმოე საქართველოში“გვსურს გამოვეხმაუროთ მთავრობის მიერ გუშინ, 2014 წლის 19 მაისს გაჟღერებულ ინიციატივას – ,,აწარმოე საქართველოში“.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიესალმება იმ ფაქტს, რომ მთავრობამ გააცნობიერა ქვეყანაში ეკონომიკის ხელშეწყობის აუცილებლობა და, როგორც ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადბებიდან იკვეთება, ცდილობს იპოვოს გამოსავალი ბოლო 1.5 წელიწადში შექმნილი ურთულესი ეკონომიკური მდგომარეობიდან. თუმცა ამავე დროს, გვსურს აღვნიშნოთ შემდეგი:./
მთავრობის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებებიდან შევიტყეთ, რომ ინიციატივა ,,აწარმოე საქართველოში“ გულისხმობს კერძო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გაცემულ ბიზნეს–სესხებზე სახელმწიფოს მიერ გარანტიის გაცემას და საპროცენტო განაკვეთის 10%–ის დაფინანსებას.
პრემიერმინისტრი, ისევე როგორც სხვა მთავრობის წევრები აცხადებენ რომ ამ გზით მოხდება საქართველოს ყველა სოფელში თითო საწარმოს შექმნა. ანუ, მთავრობა სთავაზობს თითოეულ მოქალაქეს (მასწავლებელს, ექიმს, პოლიციელს, საცალო მოვაჭრეს, პენსიონერს და სხვა) საკუთარი ფულით დააფინანსონ ისეთი საწარმოების შექმნა, რომელთა დაფინანსებასაც ვერ რისკავენ არსებული ფინანსური ინსტიტუტები (ბანკები).
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოთქვამს ეჭვს, რომ მთავრობის ეს ინიციატივა არის მორიგი წინასაარჩევნო ტყუილი და ის შეუერთდება ,,ქართული ოცნების“ შეუსრულებელ დაპირებათა არსებულ ვრცელ სიას. ასეთი ეჭვის საფუძველს იძლევა ის გარემოება, რომ ამ ინციატივის სრულფასოვანი დაფინანსებისთვის აუცილებელი ფინანსური სახსრები საქართველოს ბიუჯეტში უბრალოდ არ არსებობს. გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ უკვე არსებული ვალდებულებების დაფინანსების მიზნით, წელს, ხელისუფლებამ დაგეგმა უპრეცედენტოდ დიდი მოცულობის, 1,6 მილიარდი ლარის სესხის აღება.
ამავე დროს, გვსურს აღვნიშნოთ, რომ თუ მთავრობა მართლა დააპირებს აღნიშნული ინიციატივის განხორციელებას, შედეგად მივიღებთ:
· საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ფულის ფლანგვას
· ახალ კორუფციულ გარიგებებს, რომლებშიც მაღალი ალბათობით კვლავ გარეული იქნებიან ,,ქართული ოცნების“ ლიდერები, მათი ნათესავები და მეგობრები
თუ ხელისუფლებას რეალურად სურს ბიზნესის წახალისება და ეს ინიციატივა არ არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, ამისთვის აუცილებელია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
· გადასახადების დაწევა
· საგადასახადო ამნისტიის გამოცხადება და ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის დეკრიმინალიზაცია
· მორატორიუმის დაწესება ეკონომიკური გარემოს ცვლილებებზე
და ბოლოს, მოვუწოდებთ ქვეყნის დე ფაქტო მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, თავად გარისკოს და დააფინანსოს აღნიშნული წამოწყება თუ მიიჩნევს რომ იგი ფინანსურად მომგებიანია. სხვა შემთხვევაში, თავი დაანებოს საქართველოს მოქალაქეების ფულით თამაშს. სწორედ ასეთი გაუაზრებელი ინიციატივების გამო 2013 წლის ბიუჯეტის სახარჯო ნაწილი გაირღვა 700 მილიონ ლარზე მეტით, რაც დაკარგული 1,000 ლარიანი დახმარების ტოლფასია თითოეული პენსიონერისთვის."