
19 მაისს საქართველოს მთავრობის მეთაურმა დაანონსა ახალი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ინოვაციურ სახელმწიფო პროექტად დასახელდა თავად მთავრობის წევრების მხრიდან.
სახელმწიფო პროგრამა ადგილობრივი წარმოების წახალისებასა და განვითარებას გულისხმობს იმდენად, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი იყოს საერთაშორისო ბაზარზე.
წარადგინა რა სახელმწიფო პროგრამა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა (ამონარიდები წარდგენიდან):
„ჩვენ ვიწყებთ პროგრამას - ,,აწარმოე საქართველოში“. ეს არის სახელმწიფო პროგრამა და ემსახურება კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების სტიმულირებას, ქართული პროდუქციის შექმნას, მისი ხარისხის უზრუნველყოფას და წარმოებაზე ორიენტირებული ინდუსტრიების განვითარებას“.
„მეგობრებო, ადგილობრივი წარმოების გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა წინ ვერ წავა, და მთავრობას ძალიან კარგად ესმის ეს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი საწარმოების ამუშავებას და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილის გაჩენას, ადამიანების დასაქმებას“.
„ჩვენი პროდუქციის წარმოებას უნდა შევუწყოთ ხელი, აი, ეს უნდა წავახალისოთ, და ძირითადად ამას გულისხმობს და ამას ემსახურება ჩვენი პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში“.
„ვიცი, რომ ბევრი ბიზნესმენი დღეს უცხოური პროდუქტის შემოტანით არის დაკავებული. სწორედ ასეთ ხალხს ვთავაზობთ, ნაცვლად იმპორტით დაკავებისა, თავად აწარმოონ საქართველოში, შექმნან საწარმოები და ისეთი პროდუქცია აწარმოონ, რომ პირიქით, თვითონ შეძლონ ამ პროდუქციის ექსპორტზე გატანა”.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროგრამის შექმნა არ არის მოქმედი მთავრობის ნოუჰაუ.
„დამზადებულია საქართველოში“ - ამ პროგრამის განხორციელება საქართველოს ხელისუფლებამ 2009 წელს დაიწყო. ის, ძირითადად, ექსპორტის ხელშეწყობისთვის იყო გამიზნული, ანუ უნდა შექმნილიყო დამღა, რომელსაც საქართველოში არსებული კომპანიები მხოლოდ და მხოლოდ ჩეული პროდუქციის შექმნის დროს გამოიყენებდნენ. ეს პროექტი მიზნად ისახავდა ასევე ადგილობრივი წარმოების წახალისებას, ახალ საფეხურზე მის აყვანას. „სინერჯი ჯგუფი“ 2009 წერდა:
„ექსპორტის ხელშეწყობის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში არავისთვის სადაო არ არის. რთულია, უბრალოდ, იმ ეფექტური გზების მოძებნა, რომლითაც ამის გაკეთება შეიძლება. "დამზადებულია საქართველოში" - ერთ–ერთი ყველაზე ქმედითი პროგრამა შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს ექსპორტის სტიმულირებისათვის.
დამღის შექმნა შესაბამისი დასახელებით, რომელსაც აქტიური რეკლამა გაუკეთდება და რომლის გამოყენება მხოლოდ ღირსეული კომპანიების ყველაზე საუკეთესო პროდუქტებზე იქნება შესაძლებელი, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ექსპორტის განვითარებას.“
აღსანიშნავია, რომ ამავე სახელწოდების გადაცემათა ციკლი „პირველ არხზე“ გადიოდა და მასში სწორედ საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყო რეკლამირებული. ამ გადაცემათა არქივი „პირველი არხის“ ვებგვერდზე დღესაც ხელმისწავდომია. ამას გარდა, დამზადდა კლიპიც, სადაც სწორედ პროგრამაზე „დამზადებულია საქართველოში“ იყო ყურადღება გამახვილებული. კლიპი სტატიას თან ერთვის.