-
2014-04-18 14:57
პირიქითა ხევსურეთთან, კერძოდ არხოტთან დამაკავშირებელი 25 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, როგორც დაანონსებული იყო, მიმდინარე წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდს სამშენებლო სამუშაოებზე ჯერ ტენდერიც არ აქვს გამოცხადებული.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მინისტრი ნარმანია შეცვალა, 2013 წლის დეკემბერში მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა:
„აპრილამდე გვაქვს დრო, რომ ტენდერი ჩატარდეს და კომპანია შეირჩეს. როგორც კი ამინდები გამოვა, სამუშაოები დაიწყება. მშენებლობის დაწყებამდე მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა, ეს გზა არცერთ რუკაზე არ არსებობდა. სატყეო ფონდთან თანამშრომლობით მოვიპოვეთ აეროფოტოები. ტოპოგრაფიული რუკები და სავარაუდო ჯი-პი-ეს კოორდინატებით რუკაზე დავატანეთ“, - აღნიშნა ელგუჯა ხოკრიშვილმა.
მისივე თქმით, ახალი სამანქანო გზა გრუნტისგან უნდა გაკეთებულიყო და 5 მეტრი სიგანის უნდა ყოფილიყო. პროექტის განხორციელებაზე დაახლოებით 490 000 ლარი უნდა დახარჯულიყო.
2014 წლის 17 აპრილის მდგომარეობით, არხოტთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერიცკი არ არის გამოცხადებული.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის მაკა ჯაიანის თქმით, ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება და მშენებლობაც დაიწყება.
"მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი"