-
2013-10-28 17:57
საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნაჩვენები შედეგი მისთვისაც სიურპრიზი და მოულოდნელობა იყო:
„მე ვგრძნობდი ამას, არ იყო შემთხვევითი, რასაც მე ბოლო დროს ვამბობდი. თუ ნახეთ „კავკასიაზე“ ჩემი ბოლო თხოვნა, მე აღვნიშნე - თუ არ მოხვალთ არჩევნებზე, ის ხალხი მოვა, რომელიც სხვა შედეგს დადებს-მეთქი, მაგრამ არ ეყო ჩემი მოწოდება ამას, ამიტომ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა.
მისი თქმით, არჩევნების შედეგებით ბევრი გაოცებულია, მაგრამ „არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“:
„ჩვენ ასეთი საზოგადოება გვყავს და უნდა გვიყვარდეს, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, მაგრამ მე შევხვდი მოქალაქეებს, რომლებიც გაკვირვებულნი იყვნენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21%-ზე მეტი აიღო, რომ ხალხმა ასე მარტივად დაივიწყა, რაც ხდებოდა ერთი წლის უკან. მაგრამ ზოგი მხარდამჭერი იყო, ზოგი გარიგებაში შევიდა, ზოგმა სარგებელი ნახა და მივიღეთ ის შედეგი, რაც დაიდო.
მაგრამ, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებიც ჩვენი მოქალაქეები არიან და თავად კანდიდატიც. ამიტომ ჩვენ ისინი ისევე უნდა გვიყვარდეს და გვიყვარს კიდეც, როგორც ჩვენი მომხრეები...“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, არჩევნებზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მინიმალური რაოდენობა გამოცხადდა, რამაც განაპირობა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს შედეგი აჩვენა. მისი თქმით, ნაცმოძრაობის მხარდამჭერები მაქსიმალურად იყვნენ მობილიზებულნი. "ჩვენი მხარდამჭერების მაქსიმალურად მობილიზების შემთხვევაში, ისინი 10%-ზე დაბლა დარჩებოდნენ, მაგრამ მე ვერ წარმომედგინა, რომ ისინი 17-18%-ზე მეტს აიღებდნენ, მათი რეალური მაჩვენებელი კი 12-13% იყო", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დაამატა, რომ შესაძლოა, არჩევნების შედეგებმა განწყობაში შეიტანოს კორექტივები:
"ერთადერთი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, ისაა, რომ შეიძლება ამან მორალური გავლენა მოახდინოს, რადგან ჩემთვის ეს ძალიან მოულოდნელი იყო და ამას არც ვმალავ. სხვა მხრივ კი, ეს შედეგები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე".