
"როცა აწი მოგინდებათ სისხლიან 9 წელზე ლაპარაკი, გადახედეთ თქვენს გვერდით კოლეგებს, ბატონებო, რადგან 2012 წლის შემდეგ წვეთი სისხლი არ დამილევია და არც არავინ შემიჭამია, ხოლო ვისთან ერთადაც 9 წელი ვჭამდით და ვსვამდით, თქვენს გვერდით არიან", -
ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. დეპუტატმა განაცხადა, რომ საქართველოს უპასუხისმგებლო მთავრობა ჰყავს:
"... აფასებს ჩვენი ქვეყნის ვითარებას ივანიშვილი, როდესაც ამბობს, "ნაციონალები" გვისმენენო. თუ ორი წელიწადია "ნაციონალები" გისმენთ და თქვენ ამის პრევენცია ვერ მოახერხეთ, თქვენ რისი გამკეთებლები ხართ, თქვენ შეძლებთ მოახერხოთ, რომ არ უსმენდეს ამ ქვეყანას და ეს ქვეყანა არ გახდეს, ბოდიშს ვიხდი და "პრახადნოი დვორი" რუსებისთვის თუ რომელიმე სხვა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის და თქვენ ხართ ხელისუფლება?
სწორედ ამიტომ, დროა უკვე გეფიქრათ უპასუხისმგებლო ხელისუფლებისა და პრემიერის გადაყენებაზე და გემსჯელათ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მთავრობის დანიშვნაზე, მაგრამ თქვენ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღეთ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში, თქვენი სკამების გადასარჩენად, რომ თქვენს პასუხისმგებლობაზე ლაპარაკიც არ შეიძლება.
თქვენ თუ ფორმალურად ამდენ ხანს მხარს გიჭერდათ "ნაციონალური მოძრაობიდან" გამოყოფილი ადამიანები, ის ადამიანები, რომლებიც როგორც თქვენ გიყვართ თქმა, იმ 9 წელიწადში ხალხს ვჭამდით, სისხლს ვსვამდით, ჩვენ თუ ვინმეს ვჭამდით და ვინმეს სისხლს ვსვამდით, ამ ხალხთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით, ბატონებო, და 2012 წლის შემდეგ ერთი წვეთი სისხლი არ დამილევია, ერთი კაცი არ შემიჭამია, ხოლო 2012 წლამდე ერთად ვიყავით.
თქვენ იმაზეც კი წახვედით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებთან ერთად გადაირჩინეთ უმრავლესობა და როდესაც აწი, 9 წელიწადზე გექნებათ ლაპარაკი, გვერდით უმრავლესობაში გადახედეთ ხოლმე თქვენ კოლეგებს", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ სხდომაზე.