
„მშიშარა პარლამენტარი თავისუფალ ქვეყანას ვერ ააშენებს“ - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დეპუტატ დავით საგანელიძეს.
საგანელიძე თვლის, რომ არ დგას საკითხები, რის გამოც შეიძლება უმრავლესობის წევრები პრეზიდენტს შეხვდნენ.
მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრის თემაზე უმრავლესობის წევრების - ზაქარია ქუცნაშვილის, გიორგი ვოლსკის, ვიქტორ დოლიძის და სხვათა განცხადებები მათი პირადი მოსაზრება იყო, მაგრამ არა უმრავლესობის გადაწყვეტილება და კოლეგებს მოუწოდა, უმრავლესობის სახელით ნუ ისაუბრებენ.
დავით საგანელიძის გასაგონად, ზაქარია ქუცნაშვილმა ყველა დეპუტატს ურჩია, ქვეყანაზე იფიქროს და არა იმაზე, თუ ვისი ინიციატივა, ვის მოსაზრებას სჯობია.
„მიმაჩნია, რომ მშიშარა პარლამენტარი თავისუფალ ქვეყანას ვერ ააშენებს.
თავისუფლება 1 ოქტომბრის მთავარი მონაპოვარია, რაც ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ბრძოლით მოვიპოვეთ.
ამიტომაც მე ამ თავისუფლებას არავის დავუთმობ და ნურც ნურავინ შეეცდება, რომ ქართველ ხალხს, ან მათ დროებით წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს ეს წაგვართვას”, – განაცხადა მან.