
,,მინდა უკვე ამ წუთიდან გაფრთხილდეს ყველა ახალგაზრდა, რადგან მთავრობა იქნება ძალიან მკაცრი იმ ახალგაზრდებთან ბრძოლაში, ვინც გაბედავს და უკანონოდ ატარებს იარაღს და ხელს აღმართავს თავის თანატოლზე“– განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მისმა უწყებამ დღეს პრემიერისგან მიიღეს დავალება, რომ პრევენციული ღონისძიებები გაამკაცრონ.
წულუკიანის თქმით, მთავრობის მომავალ სხდომაზე, ძალოვან სტრუქტურებთან ერთად მომზადებული იქნება კანონის ცვლილებათა პაკეტები, რომლითაც იარაღის უკანონი ტარების შესახებ არსებული ზომები გამკაცრდება.
„რა თქმა უნდა, იმ დანაშაულთან ბრძოლა, რომელიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ არის მიმართული, მკაცრი უნდა იყოს, თუმცა ამ ბრძოლაში არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანის უფლებები. დღეს აუცილებელია და ეს დავალება მივიღეთ კიდეც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების გარდა, პრევენციული ღონისძიებებიც გაატაროს, იმისთვის, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ იცოდეს, იარაღის უკანონო ტარება, ცივი იქნება თუ ცეცხლსასროლი, კანონით დაუშვებელია.
სანამ კანონპროექტი ძალაში შევა, მინდა უკვე ამ წუთიდან გაფრთხილდეს ყველა ახალგაზრდა, რადგან მთავრობა იქნება ძალიან მკაცრი იმ ახალგაზრდებთან ბრძოლაში, ვინც გაბედავს და უკანონოდ ატარებს იარაღს და ხელს აღმართავს თავის თანატოლზე“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.