
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობასა და უმაღლეს საბჭოში ერთმანეთს ჭამენ.
რატომ დაიწყო დაპირისპირება და ვინ დგას ამ პროცესების უკან, ამ დაკითხებზე „ალიას“ ასლან აბაშიძის ყოფილი პრესმდივანი, თამაზ ბაკურიძე ესაუბრა.
„ფაქტობრივად, მიმდინარეობს აჭარის ოკუპაცია ფინანსურად. ჩვენ რამდენიმე წელიწადში ისე გავხდებით თურქეთზე დამოკიდებული და ამ ქვეყნის ნაწილი, აზრზეც ვერ მოვალთ.
ამ თემაზე ადრეც ვსაუბრობდი, "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიები კლანებადაა დაყოფილი-მეთქი. ამის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი ორჯერ ჩამოვიდა აჭარაში, ყველას შეხვდა და მისცა მითითება, ერთმანეთში კინკლაობას თავი დაანებეთ და საქმეს მიხედეთო.
ამათ არ ეყოთ ნერვები და ყველაფერი გამოიწვია იმან, რომ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ განახორციელა საკადრო ცვლილებები. მურმან დუმბაძეს მიაჩნია, რომ ის არის არა მხოლოდ პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არამედ აჭარის ერთპიროვნული მმართველიც. როგორც მითხრეს, ერთ საკითხზე პირდაპირ შეუვარდა კაბინეტში არჩილ ხაბაძეს და უთხრა, შენ თავი აჭარის პირველი პირი ხომ არ გგონიაო?
მე არ ვიცავ ხაბაძეს, ის სუსტი ლიდერია, სამაგიეროდ, მურმან დუმბაძეს აქვს გამოცდილება, მას ბევრი პარტია აქვს გამოვლილი და იცის, როგორ დაგეგმოს შიგნით ინტრიგები. დუმბაძემ უკვე დაიწყო ისეთი სვლები, რაც მიუთითებს, რომ მალე გადავა ოპოზიციაში.
ერთ მშვენიერ დღეს ის იტყვის: მე ვიბრძოდი, ვკამათობდი, ხალხო, მე ვამბობდი, არ დამიჯერეს და ახლა დადგა დრო, ყველაფერს დაესვას წერტილიო. მურმან დუმბაძისთვის სახელისუფლებო კარი ყველგან დაიკეტა. ირაკლი ღარიბაშვილი მას აღარ სწყალობს, გარიყა. ბოლოს პრემიერ-მინისტრი სამჯერ იყო ჩამოსული აჭარაში, მის გვერდით მურმან დუმბაძე გინახავს?
შარშან ბეშუმში ახლდა ივანიშვილს და ღარიბაშვილს, მაგრამ მას შემდეგ არსად არ გამოჩენილა. ასეთ მდგომარეობას დუმბაძე, თავისი ხასიათიდან გამომდინარე, ვერ შეეგუება, ის აუცილებლად გადაიხრება განსხვავებული პოზიციისკენ.
ღარიბაშვილმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყვიტოს ამათი კინკლაობის ამბავი, უნდა დაუსვას წერტილი. იმის ნაცვლად, რომ დღეს აჭარის მთავრობა ციტრუსების სეზონზე ფიქრობდეს, გადასულია შიდა ინტრიგებზე.
მალე ზამთარი დადგება და იგივე მურმან დუმბაძე დაიწყებს მხრების აჩეჩას, ციტრუსი ვერ გაგვაქვს აჭარიდანო. რას გაიტან, როცა ეს სფერო საერთოდ არავის ახსენდება? სამაგიეროდ, 2016-ში გაახსენდებათ ყველაფერი.
ეს შეხლა-შემოხლა მოჰყვა იმას, რომ არჩილ ხაბაძემ სამსახურებიდან გაათავისუფლა მურმან დუმბაძის რეკომენდაციით დანიშნული ადამიანები, ანუ მისი ფავორიტები.
მაგალითად, მერაბ ნარგებაძე, რომელიც იყო სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე. განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე, ქეთევან მანელიშვილი. საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გვარად დუმბაძე. საკადრო წმენდა მთლიანად შეეხოთ მურმან დუმბაძის ფავორიტებს, რომლებიც ყველგან ატარებდნენ მის ინტერესებს.
ვინაიდან უმაღლესი საბჭო ისედაც მისია - თავმჯდომარით, ავთო ბერიძით დაწყებული, დეპუტატებით დამთავრებული, მისი "სასტავია", უნდოდა, მთავრობაშიც მოეპოვებინა დიდი გავლენა. ამ ადამიანს ჩაფიქრებული აქვს, რომ უნდა გახდეს აჭარის პირველი პირი, აწუხებს დაუოკებელი ამბიციები. არადა, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, მას აჭარაში ხმას არავინ მისცემდა.
ჩემი ინფორმაციით, 30 აგვისტოს მურმან დუმბაძე თავის "სასტავთან" ერთად დაბარებული იყო თბილისში. შედგა შეხვედრა ირაკლი ღარიბაშვილთან. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრთან იმყოფებოდა არჩილ ხაბაძეც, ამის შესახებ ინფორმაცია არსად არ ყოფილა, მაგრამ კულუარებიდან ვიცი.
როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილი სიტუაციას ჩააწყნარებს, მაგრამ ესენი მაინც არ გაჩერდებიან, როგორც კი მომენტს ნახავენ, ისევ დაეტაკებიან ერთმანეთს ძაღლებივით,“- ამბობს თამაზ ბაკურიძე.
„ალია“