
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის მტკიცებით, მას პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა და ამის დამადასტურებელი წერილიც მიიღო.
„წერილი მივიღე რომ მოქალაქეობა ჩამორთმეული მაქვს. არაფერი მიზეზი არ ეწერა იქ.
პრეზიდენტს ვინ კითხავს კანონის დარღვევას?! რა უფლება აქვს პრეზიდენტს, რომ ორგზის არჩეულ დეპუტატს ჩამომართვას მოქალაქეობა?! ჯერ სააკაშვილმა არ შემომიშვა ქვეყანაში და ახლა მარგველაშვილმა უარი მითხრა მოქალაქეობაზე”,- განაცხადა თენგიზ კიტოვანმა.
კიტოვანი აღნიშნავს, რომ მას საქართველოს მოქალაქის პასპორტი იუსტიციის სამინისტრომ განაცხადის შეტანიდან მეორე დღესვე მისცა.
„პასპორტს ვადა ჰქონდა გასული, დავწერე განცხადება და მომცეს ახალი ქართული პასპორტი. პასპორტის აღებიდან ერთ თვეში მითხრეს, რომ ჩამორთმეული მაქვს მოქალაქეობა. მე რომ არ ვყოფილიყავი, დღეს სად იქნებოდა მარგველაშვილი, კაცმა არ იცის”,- აღნიშნა კიტოვანმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თენგიზ კიტოვანისთვის მოქალაქეობა არავის ჩამოურთმევია, რადგან ამას კანონი არ ითვალისწინებს. მათი ინფორმაციით, კიტოვანმა პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართა, რაზეც უარით უპასუხეს.
ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციის განცხადებით, თავდაცვის უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა საქართველოს მოქალაქეობა 2006 წელს მას შემდეგ დაკარგა, რაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიტოვანისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვას საერთოდ უარყოფს იუსტიციის მინისტრი.
თეა წულუკიანის განმარტებით, კიტოვანი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას შეძლებს, თუმცა ეს მხოლოდ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მოხდება. წულუკიანის ინფორმაციით, თენგიზ კიტოვანს მოქალაქეობის მოთხოვნაზე უარი იუსტიციის სამინისტროში უთხრეს.
„მან ვერ შემოიტანა ყველა ის საბუთი, რაც ამ განცხადების წარმოებისათვის არის საჭირო და შესაბამისად, ეს საკითხი დარჩენილია ღიად. მომავალში მას თუ ექნება სურვილი შემოიტანოს საბუთები, ნებისმიერი მოქალაქისათვის კანონი არის ერთი და იგივე“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციების ფონზე თენგიზ კიტოვანი აცხადებს, რომ საქართველოს მოქაალქეობისთვის ბრძოლას აპირებს, თუმცა რა ფორმით, დეტალების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.