
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ რაულ ხაჯიმბა არ არის მათთვის პრეზიდენტი და არჩევნების შედეგად მოსული ლიდერი, მაგრამ ის იქ დღეს მცხოვრები მოსახლეობის ლეგიტიმური ლიდერია.
მისივე თქმით, რაულ ხაჯიმბა, თუნდაც ხუთი კაცის ლიდერი იყოს, ტერმინ „მარიონეტს“ არ იმსახურებს.
„ის არ არის ჩვენთვის პრეზიდენტი, არჩევნების შედეგად მოსული ლიდერი, თუმცა იქ დღეს მცხოვრები მოსახლეობის ლეგიტიმური ლიდერია. შესაბამისად, ის არის მხარე, რომელთანაც ნებისმიერ დიალოგში, ჟენევის ფორმატში თუ სხვა საერთაშორისო ფორმატში, ქართული მხარე მზად არის, ისაუბროს", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
„ტაბულას“ კითხვაზე, რამდენად სწორია საოკუპაციო რეჟიმის მარიონეტ პრეზიდენტთან საუბარი, ხიდაშელმა უპასუხა, რომ "მარიონეტის ძახილი არავის ღირსებას არ სძენს". მისი თქმით, "იმის მიუხედავად, რასაც არ უნდა ვფიქრობდეთ ჩვენ, ის არის მხარე, რომელსაც უნდა ველაპარაკოთ". ხიდაშელის განცხადებით, "სანამ ქართული სახელმწიფო იმ ილუზიის ქვეშ ცხოვრობს, რომ მხოლოდ რუსეთს უნდა ელაპარაკოს და მხოლოდ მოსკოვთან უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი, ამ პრობლემების წინაშე ვიდგებით".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ აფხაზეთის არცერთი ე.წ. ხელისუფლება არცერთხელ მარიონეტად არ მოუხსენებია და არც აპირებს.
"ხუთი კაცის ლიდერიც რომ იყოს, იმ ხუთი კაცის ლიდერია და, შესაბამისად, არ იმსახურებს ასეთ ტერმინებს“, - თქვა ხიდაშელმა.