
აბრეშუმის გზა საქართველოს შესაძლებლობას უჩენს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, -მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „აბრეშუმის გზის" პროექტის დასკვნითი შეხვედრის მონაწილეებს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს 21-ე საუკუნეში კვლავ ეძლევა საშუალება, შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია.
„დღეს კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, აღვნიშნო საქართველოს ისტორიული როლი და ფუნქცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ოდითგანვე ეკისრებოდა, როგორც ორი გეოპოლიტიკური არეალის დამაკავშირებელს, რადგან ის დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე იყო მოქცეული. გვერდიგვერდ არსებობდა ორი ცივილიზაცია და მათ შორის სავაჭრო-კულტურული კავშირები აბრეშუმის დიდ გზაზე გადიოდა. საქართველო ამ ორი სამყაროს გზაჯვარედინი, აბრეშუმის გზის განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის განვითარებას.
მთავრობის მეთაურმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ის ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს.
პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს და ჩინურ კომპანიებს აღნიშნულ პროექტში ჩართვა შესთავაზა.
„ჩვენ მივესალმებით და ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ ნებისმიერი ახალი ინვესტორის შემოსვლას საქართველოში. აბრეშუმის გზა ცივილიზაციათა კვეთის უძველესი გზაა, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მაშინდელი მსოფლიოს განვითარებასა და წინსვლაში. მჯერა, რომ დღეს, ამ გზისთვის ახალი დატვირთვის მინიჭება, ახალი განვითარების დასაწყისი გახდება; ჩემი ქვეყნისთვის კი - მეტი წარმატებისა და კეთილდღეობის მომტანი", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.