
„დეკლარაცია არის ის ერთ-ერთი ურთულესი დოკუმენტი, რომელსაც მე ვავსებ და ბევრს ვწვალობ, სკურპულოზურად ვავსებ.
იმიტომ რომ, რაც გავხდი საჯარო მოხელე, ჩემი ერთ-ერთი ვალდებულებაა საზოგადოებამ იცოდეს ჩემი შემოსავლები.
მიმაჩნია, რომ ეს ვალდებულება გააჩნია ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის იმათ, ვისაც უკავიათ უმაღლესი თანამდებობები", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა დავით ბაქრაძის საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებული თემის კომენტირებისას.
საქართველოს პრეზიდენტის დეკლარაცია 7 აგვისტოს არის შევსებული.
ოჯახის წევრებში პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა მითითებული არ ჰყავს. მარგველაშვილი ფლობს 120 კვ/მ საცხოვრებელ ფართს თბილისში პაოლო იაშვილის ქუჩაზე. რამდენიმე მიწის ნაკვეთს დუშეთში, მათ შორის სახლს, რომლის ფართიც 200 კვ/მეტრს შეადგენს.
პრეზიდენტს დეკლარაციაში ასევე, მითითებული აქვს მამის, თემურ მარგველაშვილის საცხოვრებელი სახლი ინგოროყვას ქუჩაზე. როგორც რამდენიმე თვის წინ მაკა ჩიჩუამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი მთაწმინდაზე ცხოვრობს მამის მშობლებთან.
რაც შეეხება დუშეთს, ცნობილია, რომ პრეზიდენტის ყველაზე საყვარელი ადგილი სწორედ დუშეთია. დროის დიდ ნაწილს დღესაც დუშეთში ატარებს მაკა ჩიჩუასთან და ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად.
ჰყავს შინაური ცხოველები, რომელიც როგორც ცნობილია, წყვილს ძალიან უყვარს. მათი ძაღლი, ბულდოგი ბულზო პოპულარული ოთხფეხა მეგობარია, რომელიც "მღერის".
გიორგი მარგველაშვილს "თიბისი" ბანკში, სახელფასო ანგარიშზე 3948 ლარი აქვს. როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, გიორგი მარგველაშვილის შემოსავალმა წინა წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 27590 ლარი შეადგინა. აქედან 21937.57 ლარი მან განათლების მინისტრის პოსტზე მუშაობისას მიიღო ხელფასის სახით, ხოლო 5653.37 ლარი - პრეზიდენტის ხელფასის სახით.