
ქართული ოცნების" ჩხოროწყუს რაიონის ორგანიზაცია ლევან იზორიას კოალიციის წინააღმდეგ საქმიანობაში სდებენ ბრალს,- ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი “ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს "ქართული ოცნების" ჩხოროწყუს რაიონის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაღებული კადრები გამოაქვეყნეს.
ტელეკომპანიის ცნობით, ვიდეოზე ასახულია, რომ ჩხოროწყუს საკრებულოს ქონების მართვის კომიტეტის თავმჯდომარის შვილი დავით იზორია კოალიციის შტაბის წევრებს და გამგებლობის კანდიდატს ყელის გამოჭრით ემქურებოდა.
დავით იზორია შს მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას ბიძაშვილია:
"ამის უკან დგას შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია," – ამბობს კორნელი წურწუმია, "ქართული ოცნების" ჩხოროწყუს ორგანიზაციის თავმჯდომარე.
"პარადოქსული ვითარება, რაც ჩხოროწყუში შეიქმნა, უნდა გაირკვეს, როგორ, რანაირად, რა ვითარებაში მოხდა, რომ გამარჯვებული პოლიტიკური გუნდი აღმოჩნდა დამარცხებული, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მხარი დაუჭირა "ოცნების" მოწინააღმდეგეებს,"– ამბობს ანზორ სიჭინავა, კოალიციის წევრი.
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე დაზმირ დარსალია კი უარყოფს ჩანაწერის ავთენტურობას და ამბობს, რომ ასეთი ფაქტი არ მომხდარა.
კოალიცია “ქართული ოცნების” შტაბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დავით იზორია ადმინისტრაციული წესით 2014 წლის 2 ივნისს დააკავეს.
“ქართული ოცნების ჩხოროწყუს შტაბის წარმომადგენლები, კორნელ წურწუმია და გოგი სორდია მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აცხადებდნენ, რომ იზორიების კლანი უნდა მოვსპოთო, რაც იყო ჩემთვის შეურაცხმყოფელი და რამაც გამაბრაზა, ვინაიდან მამაჩემი პატიოსანი ადამიანია და არასდროს არავის აუგად არ მოუხსენებია,”– ნათქვამია დავით იზორიას ჩვენებაში.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დავით იზორია დარბაზიდან 2 ივნისს გაათავისუფლა.