
„საქართველო დაეხმარება სხვა ერებსაც ფერიცვალებაში“ - განაცხადა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების სახელობის ეკლესიაში წირვაზე.
ქადაგებისას უწმინდესმა მრევლს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა.
„დღეს ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, როდის მოხდება ფერიცვალება საქართველოში და დაწყებულია თუ არა ეს ფერიცვალება? მრავალი განსაცდელის წინაშე დგას კაცობრიობა, კაცობრიობა თანდათან კარგავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას, საქართველო კი პირიქით, ძლიერდება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიაში.
ის წინასწარმეტყველება, რომ საქართველოო გაბრწყინდება, ეს პროცესი, ეს ფერიცვალება, ეს გაბრწყინება დაწყებულია. ჩვენ ვმადლობთ უფალს, ამ დიდი წყალობისათვის", - აღნიშნა უწმინდესმა.
საქართველოს პატრიარქის თქმით, სამთავროს დედათა მონასტერი წმინდა ადგილია, სადაც ჩვენი დიდი დედები მოღვაწეობდნენ.
პატრიარქმა გაიხსენა ბავშვობაც და აღნიშნა, რომ შეიძლება ითქვას, ბავშვობიდან იზრდებოდა ამ წმინდა მონასტერში და შესისხლხორცებული აქვს მისი მადლი და ძალა.
„ჩვენში აუცილებლად მოხდება ფერიცვალება, მადლი, რომელიც შეცვლის ჩვენს ფიზიკურ და სულიერ ბუნებას.
საქართველო დაეხმარება სხვა ერებსაც ამ ფერიცვალებაში. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, და ღმერთმა ინებოს წყალობა, მშვიდობა, სიყვარული და სიხარული გაძლიერდეს ჩვენში", - ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.