
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მთავრობის ადმინისტრაციას ის შვიდი პიჯაკი და ერთი პალტო გაუგზავნა, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტით არის შეძენილი.
სააკაშვილმა ტანსაცმელთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის სახელზე შემდეგი შინაარსის წერილი გააგზავნა - "გიბრუნებთ თქვენი გადაწყვეტილებისამებრ გამოყენებისთვის".
ყოფილი პრეზიდენტის ტანსაცმელი მთავრობის ადმინისტრაციაში არ ჩაიბარეს.
„ჩვენ ვიბარებთ მხოლოდ ოფიციალურ კორესპონდენციებს, დოკუმენტს ჩავიბარებთ, ტანსაცმელს ვერა", - უთხრეს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს კანცელარიის საშვთა ბიუროში.
საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ლანა ღვინჯილიას თქმით, "პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ვაგზავნით ტანსაცმელს მთავრობის ადმინისტრაციაში საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოსაყენებლად,".
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ბრალი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის წარედგინა, ერთ-ერთი ასეთი ხარჯი კი, პროკურატურის მტკიცებით, პიჯაკებსა და პალტოზე დახარჯული თანხაა.
კერძოდ, უწყების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში შვიდი პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტიუმის შესაძენად - 7 994,84 ლარი.