
გიორგი მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც ღარიბაშვილმა გაკვირვება გამოთქვა, თუ რატომ დასჭირდა პრეზიდენტს გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნაზე ერთი თვე.
მისი თქმით, მან და მისმა აპარატმა სდსს-ს ხარჯებზე გრიფი „საიდუმლოს“ მოხსნის საკითხი მაშინ გადაწყვიტა, როცა ეს სწორად მიიჩნია.
„საქართველოს პრეზიდენტს ვერავინ ვერ ეტყვის კანონით დადგენილ ვადაში 5 წუთი იფიქროს თუ მეტი, იმ საკითხებზე, რაც მის კომპეტენციაში შედის.
იმისთვის, რომ დააჩქარო ვინმეს გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება ან შესაძლებლობა უნდა გქონდეს. 9 წლის განმავლობაში მე წინა ხელისუფლების სწორედ ეს არ მომწონდა, რომ მათ არ იცოდნენ, სად მთავრდება კანონი, სად იწყება ვალდებულებები და სად მთავრდება ხელისუფლებების გამიჯვნა.
საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა აპარატმა ეს საკითხი მაშინ გადაწყვიტა, როდესაც ეს სწორად მიაჩნდა და უაღრესად ფაქიზად მიაქცია ყურადღება საკითხს, რომელიც არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური საკითხი.
იმედია, დღეს ყველასთვის ნათელია, რომ ეს საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკას დაუკავშირდა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.