
ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეტენზია პროკურატურის მიმართ ლოგიკურია.
მისი თქმით, პროკურატურამ მიმოწერას თავად დაადო გრიფი „საიდუმლო“ და შემდეგ თავადვე დაიწყო შინაარსზე საუბარი.
„გასაკვირია, რა არის საპოლემიკო. როგორც მე მივხვდი, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო საუბრობენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქმის დოკუმენტების გასაჯაროებაზე, პრეზიდენტის აპარატი კი – პროკურატურასა და მას შორის მიმოწერის გასაჯაროებაზე.
არა მგონია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობაზე აკეთებდეს აქცენტს. უბრალოდ აქ საუბარია იმაზე, რომ პროკურატურის მიერ არის გრიფი დადებული, რითაც აჩვენებს, რომ მიმოწერა უნდა იყოს საიდუმლო. ამის შემდეგ თვითონ იწყებს საუბარს, და მეორე მხარე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქმის კურსში აღარ ჩააყენეს.
ჩემი აზრით, ლოგიკურია ის, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს – თუ ეს არ იყო საიდუმლო მიმოწერა, მაშინ გრიფი რატომ დაადე და თუ გრიფი დაადე ჩემთან შეთანხმების გარეშე რატომ დაიწყე ამაზე ლაპარაკიო?
არა მგონია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამის გამო ვინმეს დასჯას ითხოვდეს. უბრალოდ ეს არის შენიშვნა. შეიძლებოდა არც გასაჯაროებულიყო და ერთმანეთში გაერკვიათ. დანაშაულის ნიშნებს მეც ვერ ვხედავ. ეს არის ტექნიკური შეცდომა“, – განაცხადა „კვირასთან“ საუბარში ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, როგორც ჩანს ხელისუფლებაში არსებობს აზრის სხვადასხვაობა, კონკურენცია, დისკუსია, რაც სასიკეთო და ჯანსაღი პროცესია.