
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრა ტვ“-ის „რეზიუმეში“ ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, პრეზიდენტის რეზიდენციაში შესვლა იყო პოლიტიკური ნაბიჯი, რათა ნათლად ეთქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ინსტიტუტი, რომელსაც დასვამ ორ ოთახში და არ გადაიყვან.
„გულწრფელი ვიყავი ორივეჯერ, როდესაც ვამბობდი, რომ უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო და მის შემდეგაც. რადგან მაშინ ასე მიმაჩნდა სწორად. მაგრამ შემდეგ ვნახე, რომ უნივერსიტეტის გახსნის მიმართულებით რაღაცნაირად შენელდა პროცესი და სხვა ჭრილში გადავიდა.
ავლაბრის რეზიდენციაში შესვლა იყო გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რათა ნათლად მეთქვა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ინსტიტუტი, რომელსაც შენ დასვამ ორ ოთახში და არ გადაიყვან, დასვამ ორ ოთახში და ეტყვი - ეს არის შენი სამუშაო ადგილი.
ეს თემა გახდა პოლიტიკური, როდესაც მიმითითეს ადგილი. საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის სტაბილურობა, მდგრადობა და მისი წოწიალი რომ არ უნდა ხდებოდეს, ეს ჩემი პიროვნების მიღმა თემაა. ამის ჩვენება ეტყობა იყო საჭირო და ეს განხორციელდა კიდეც", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
„ჩემი ღირებულებები ერთია, მეორეა პოლიტიკური რეალობა, სადაც ვალდებულებაა, რომ ინსტიტუტის მიმართ გამოიჩინო პატივისცემა", - დასძინა მან.