სააკაშვილის აქცენტები „განსხვავებულ აქცენტებში“: „იმედი მქონდა, რომ ეს რუსი ოლიგარქები გულის სიღრმეში ქართველები იყვნენ“ (ვიდეო)

Image

„ჩვენი მეგობრებისგან, ვისაც უშუალო შეხება აქვს ვლადიმირ პუტინთან, ვიცი, რომ მან 2012 წლის 1 ოქტომბერს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე „რუსეთის ყველაზე წარმატებული სპეცოპერაცია“ უწოდა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუში.

 

„რა თქმა უნდა, დღევანდელი გადასახედიდან ეს სხვანაირად ჩანს, რასაკვირველია, შესაძლოა, საქართველოში ამას ასე არ აღიქვამენ, მაგრამ ეს არის ის, რაც მე ვიცი - რუსეთი 2012 წლის არჩევნების შედეგებს საკუთარ მიღწევად მიიჩნევს“, - დაამატა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

 

აქცენტები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა „განსხვავებულ აქცენტებთან“ ინტერვიუში დასვა, მეტად საინტერესო იყო რუსეთთან ურთიერთობისა და პატარკაციშვილი-ივანიშვილის შედარების ასპექტშიც. სააკაშვილის თქმით, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ, რეალურად, ჰქონდა ოთხი ნაღმი: აფხაზეთი, ცხინვალი, რუსი ოლიგარქი პატარკაციშვილი და რუსი ოლიგარქი ივანიშვილი.

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბადრი პატარკაციშვილი, იმის მიუხედავად, რომ რუსეთიდან იყო წამოსული და ვითომ არ ჩაესვლებოდა იქ, არც ძებნაში იყო და რუსეთის გავლენიან პირებთან, ხელისუფლებასთან შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა. სააკაშვილმა გაიხსენა, როგორ გააყიდინეს პატარკაციშვილს საკმაოდ სარფიანად (იმაზე მეტ ფასად, ვიდრე რეალურად ღირდა) საიტი „კომერსანტი“, რითაც ხელში მისცეს ფული აქციების დასაფინანსებლად, ხოლო 2012 წლის არჩევნების წინ, მისივე თქმით, ივანიშვილსაც გააყიდინეს რუსული აქტივები იმაზე ძვირად, ვიდრე სინამდვილეში ისინი ღირდა...

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2007 წლის გამოსვლების დროს ბიძინა ივანიშვილი ხვდებოდა მასაც და უფრო ხშირად, ვანო მერაბიშვილს, რომლისგანაც „მკვეთრ მოქმედებებს“ მოითხოვდა. მისი თქმით, ივანიშვილი პატარკაციშვილის მტერი იყო და მასში კონკურენტს ხედავდა, ამიტომაც „ბოლომდე იყო წამსვლელი“.

 

მიხეილ სააკაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ბადრი პატარკაციშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდა: „მაშინ ჩვენ არ ვიყავით საკმარისად ძლიერები, არ გვქონდა გამოცდილებაც, თორემ ყველაზე სწორი ნაბიჯი, ალბათ, ის იქნებოდა, რომ 2004 წელს, როცა პატარკაციშვილი ჩამოვიდა საქართველოში, მოგვეკიდა მისთვის ხელი და გაგვეგზავნა უკან რუსეთში, საიდანაც ჩამოვიდა“, - თქვა მან ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუში.

 

მიხეილ სააკაშვილმა „გმირობა“ უწოდა ერეკლე კოდუას საქციელს, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის გეგმები ჩაიწერა: „ეს კაცი შევიდა ბანდიტების ბუნაგში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, რამდენჯერმე გადაჯდა მანქანიდან მანქანაში და ჩაწერა გადატრიალების გეგმა, ამით მან ჩაიდინა გმირობა და გადაარჩინა საქართველოს სახელმწიფო. მისთვის რომ ჩამწერი მოწყობილობა აღმოეჩინათ, მაშინვე გაასაღებდნენ და მის კვალსაც ვერ მივაგნებდით, იტყოდნენ, რომ არც არასდროს უნახავთ“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, როცა საქმე ადამიანების ბედს ეხება, მას არ სჩვევია მკვეთრი მოქმედებები და ე.წ. პრევენციული ნაბიჯები. სწორედ ამით ხსნის სააკაშვილი იმას, რომ პატარკაციშვილის გეგმების გაშიფვრისა და ჩავარდნის შემდეგ ისევ ენდობოდა ივანიშვილს:

 

„რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ორივე - პატარკაციშვილიც და ივანიშვილიც რუსი ოლიგარქები იყვნენ, მაგრამ მე არ ვარ ეჭვიანი ადამიანი და მაინც მჯეროდა, რომ ამ რუსი ოლიგარქების მიღმა ისინი ქართველები იყვნენ, რომ გულის სიღრმეში უყვარდათ თავიანთი ქვეყანა და ბოლომდე არ გადადგამდნენ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს“, - თქვა მან ინტერვიუში.

 

სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველას მოიშორებს, ვისი ხელითაც იმ მდგომარეობას მიაღწია, რაც ახლა საქართველოშია: „როგორც კი ამ ყველაფერს მოამთავრებს, ივანიშვილი ამათ ყველას მოიშორებს, ვისი ხელითაც ამ ყველაფერს აკეთებს. ჩვენ რატომ არასოდეს არ დავაპატიმრეთ არც ერთი პოლიტიკური ლიდერი? ბურჯანაძე იყო მომზადებული დასაჭერად, ნოღაიდელი იყო დასაჭერი, საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში, ჩვენ არ გვქონდა ფუფუნება იმისა, ქვეყანაში თუნდაც ასეთი მტრულად განწყობილი ელემენტების დაჭერისა. ამაში დღესაც დარწმუნებული ვარ".

 

სააკაშვილის თქმით, საქართველოს ექნება ფანჯარა, როცა რუსეთში არეულობა დაიწყება და „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“: „ჩვენ გვექნება ფანჯარა დაახლოებით ერთი-ორი წელიწადი. როდესაც რუსეთში იქნება სრული არეულობა, დედა შვილს არ აიყვანს ხელში. შარშან გაეროში სიტყვით გამოსვლისას დაახლოებით აღვწერე ეს . გვექნება შესაძლებლობა არა მხოლოდ დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, ჩავბეტონდეთ ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ბევრი რამის მიღების შესაძლებლობა გვაქვს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, როდესაც დასავლეთი მყარად ჩვენს მხარეს იქნება“.

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, რუსეთის გავლენის, მისი ეკონომიკის შესუსტებასთან ერთად, ის რუსი ოლიგარქებიც ზარალდებიან, რომლებზეც პუტინი დგას: „ივანიშვილი არის ერთ–ერთი უმსხვილესი აქციონერი "გაზპრომის", რა თქმა უნდა პუტინის ხელდასმით, რადგან ის აკონტროლებს იქ ყველაფერს.

 

რუსეთის შესუსტება გამოიწვია ნავთობის აქციების მკვეთრმა ვარდნამ, ე.ი ივანიშვილის ფულიც შემცირდა. ე.ი საქართველოს ფაქტობრივ ლიდერს აქვს კონფლიქტი თავის ქვეყნის ინტერესებთან.

 

აქციები ეცემა, ივანიშვილის ჯიბეში ნაკლები ფულია, ნაკლები ფულია ზვიგენების შენახვაზე, ნაკლები ფულია პრესის მოსყიდვაზე. ეს კაცი არის ერთ მარხილში პუტინთან და ეს მარხილი მიდის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. როდესაც რუსეთის ეკონომიკა წავა რეცესიაში, მისივე უახლოესი გარემოცვა,რომელზეც დგას პუტინი,მას აუცილებლად მოიშორებს",– განაცხადა სააკაშვილმა.

რედაქტორის რჩევით

თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლთა თავშესაფარის გაჩუქებას გეგმავს

2020-09-08 11:39
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს სადაც "ძაღლთა...

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია

2020-09-08 11:32
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი...

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

2020-09-08 11:31
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა.

ექსკლუზივი! ნაძალადევში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

2020-07-27 11:37
ექსკლუზივი!ამ წუთებში როგორც "აფხაზეთის ხმისთვის" ხდება ცნობილი, ნაძალადევის რაიონში მანქანას...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.8812
0.0000
100
RUB
 - 
4.2875
0.0000
1
USD
 - 
3.3332
0.0000