-
2014-06-27 23:22
„საქართველოს დღეს მართავს „გაზპრომის“ მთავარი, მსხვილი კერძო აქციონერი, გინდა თუ არ გინდა, ეს ასეა, როგორც არ უნდა ილაპარაკო“, - ამის შესახებ „რუსთავი-2“-ის ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს ქართველმა ხალხმა ხმა მისცა არა პუტინს, არამედ თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებას:
„ამავე დროს, ქართველ ხალხს არ მიუცია ხმა პუტინისთვის, ქართველმა ხალხმა ხმა მისცა თავისი მდგომარეობის გაუმჯობესებას - რაც უნდა კარგი მთავრობა იყოს, ის ხალხს ბეზრდება და ფიქრობს, რომ იქნებ სხვამ უკეთესად გააკეთოს ყველაფერიო...
ეს ძალიან კარგად იცის „გაზპრომის“ მთავარმა აქციონერმა ივანიშვილმა, რომელიც გავიდა სცენიდან და კულუარებიდან მართავს ქვეყანას, მან იცის, რომ არანაირი შანსი არაა მკვეთრი მოქმედებების...“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა (2004-2013წწ) აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე სრულიად ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების, პოლიტიკური სპექტრისა და ხელისუფლების საერთო გამარჯვებაა, თუმცა ის, რომ თუნდაც ის ახლა ევროპიდან საუბრობს და არა საქართველოდან, არაა ევროპული დემოკრატიის მაჩვენებელი.
სააკაშვილის თქმით, იყო მცდელობა, რომ „სიმბოლურად რომ ვთქვათ, კონკია გვერდზე გაეწიათ და დედინაცვლის ქალიშვილი მის ადგილზე დაესვათ, მაგრამ კონკიას დამალვა არ გამოვა, არც მისი გვერდზე გაწევა, სხვათა შორის, ამიტომ ადგილი ორივესთვის უნდა იყოს“.
„მე მინდა ჩემს მომხრეებსაც მოვუწოდო, რომ თავი შეიკავონ ყოველგვარი ექსცესებისგან იმის მიუხედავად, რომ ბევრი რამ, მათი და ჩემი აზრით, უსამართლობა ხდება. ჩემგან თავის არიდებაც სწორედ იმით იყო გამოწვეული, რომ გართულებების მიზეზი არ მიმეცა გარკვეული ძალებისთვის, სწორედ ამიტომ გელაპარაკებით ახლა ევროპიდან და არა საქართველოდან“, - თქვა მან.
სააკაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ხელისუფლების პირობებში დარღვევები ხდებოდა, მაგრამ ისეთი არა, როგორი ვიდეომასალაც ამ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა:
„დარღვევები იყო, მაგრამ არასდროს გამოქვეყნებულა ისეთი ვიდეო, როგორიც ამ არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდა და ეს, საერთო ჯამში, ქვეყნის იმიჯზე მოქმედებს უარყოფითად“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.