
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მნიშვნელობაზე საუბარი მილოცვით დაიწყო და ეს დღე საქართველოს მოსახლეობას, პოლიტიკურ სპექტრს, საქართველოს ხელისუფლებას მიულოცა.
სააკაშვილის განცხადებით, გარდამტეხი პროცესი, რამაც ევროკავშირის მხრიდან საქართველოთი დაინტერესება გამოიწვია, ვარდების რევოლუცია იყო:
„ვარდების რევოლუციიდან სამ-ოთხ თვეში გამოაცხადა ევროკავშირმა, რომ საქართველო ჩაერთვებოდა ამ პროცესში, შემდეგ იყო უკრაინაში ნარინჯისფერი რევოლუცია და ჩაერთო უკრაინა, შემდეგ მოლდოვა.
არავინ ვარდების რევოლუციამდე არ ახსენებდა საქართველოს ამ პროგრამაში. ჩემს ინაუგურაციაზე ჩვენ აღვმართეთ ევროკავშირის დროშა და დავუკარით ევროკავშირის ჰიმნი.
მე მახსოვს რუსეთის წარმომადგენელთა გაღიზიანებული სახეები, როცა ევროკავშირის დროშა აღიმართა და ბევრმა, შინაც და გარეთაც, დაგვცინა...“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.