
ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ლალი მოროშკინამ სოციალურ ქსელში არაერთხელ დააფიქსირა, რომ სტრასბურგში იმყოფება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა სასჯელაღსრულების დამნაშავე მაღალჩინოსნები საკადრისად დაისაჯონ.
როგორც „ალიასთან“ საუბარში აღნიშნა, უკვე შეხვდა ადამიანის უფლებათა კომისრის, ნილს მიუჟენექსის წარმომადგენელს და ბიუროს ხელმძღვანელს, ქრისტინ მარტიროსიანს.
„ევროპა ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. განსაკუთრებით კი პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებს, სანამ სისტემა ააყირავა დიმიტრი დარბაისელმა. მე პირადად მოვითხოვ მის სამართლებრივ დასჯას. ვფიქრობ, სტრასბურგი ამაში დამეხმარება.
ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო უმაღლესი კომისრის ოფისში. განვიხილეთ ვანო მერაბიშვილის სავარაუდო გაყვანა ციხის ტერიტორიიდან, რაზეც ადეკვატური პასუხი არავის გაუცია, ფარტენაძის მკვლელობა, აზარტული თამაშების ზღვარის გაზრდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, არაადეკვატური პრემიების გაცემა სისტემაში და ასევე, სისხლის სამართლის დამნაშავეების დაწინაურება.
რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად იცოდნენ დარბაისელის პერსონის ყველა დეტალი, მათ შორის მისი ნარკოდამოკიდებულება, ციხის ტერიტორიაზე მკვლელობები... სრული გაუგებრობა ჰქონდათ იმ საკითხთან მიმართებაში, რომ დაუსაბუთებელი პრემიებისა და გახმაურებული მკვლელობების მერე არ დაისაჯა დარბაისელი...
უცხოელებს გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე წარმომედგინა, დააფიქსირეს უკმაყოფილება იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ზოგადად ძალოვან სტრუქტურებშია...
უცხოელებმა მითხრეს, თუ თქვენ თვლით, რომ ამ ხელისუფლების პირობებშიც 11 000-ზე მეტი პატიმარი უნდა გყავდეთ და ეს ციფრი მზარდია, მაშინ რომელ გამარტივებულ სავიზო რეჟიმზეა ლაპარაკი, მოსახლეობაა მიდრეკილი კრიმინალისკენ თუ მთავრობაა უნიათოო?
პენიტენციური სისტემა სახელმწიფო სახელმწიფოშია. ევროპელებმა თქვეს, რომ არ დაუშვებენ, საქართველოში ფიქსირდებოდეს ზღვარგადასული აზარტული თამაშები, რასაც ქუჩებში ყაჩაღობა მოჰყვა, ასევე კორუფცია ელიტარულ დონეზე, წამალდამოკიდებული ჩინოვნიკები, სისხლის სამართლის დამნაშავეები თანამდებობებზე...
მათ იკითხეს, პრემიერის პოზიცია როგორიაო? მე ვუთხარი რაც იყო, რომ მან „ვაჟკაცური“ უწოდა დარბაისელის წასვლას-მეთქი, რაც მათ დამნაშავის წახალისებად აღიქვეს...
მოკლედ, ევროპელებმა დაასკვნეს, რომ სახარბიელო სურათი არ არის,“ - განაცხადა ლალი მოროშკინამ.
„ალია“